დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი
„მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი არ გაუქმებულა და მისი შევსება სავალდებულოა,“ - ამის შესახებ Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
როგორც მასწავლებლის სახლში განმარტეს, ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული კითხვარის გაუქმებასთან დაკავშირებით:
„წერილობითი განაცხადი, რომ თვითშეფასების კითხვარი გაუქმდა, არ არსებობს. შესაძლოა, სამომავლოდ გაუქმდეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კითხვარის შევსება ამ ეტაპზე ისევ სავალდებულო აქტივობად რჩება მასწავლებლებისთვის,“ - განაცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
თვითშეფასების კითხვარის შევსება პედაგოგებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ევალებათ.ცენტრის ინფორმაციით, თვითშეფასების კითხვარის მიზანია, მასწავლებელმა ადეკვატურად შეაფასოს თავისი საქმიანობა, გამოკვეთოს და გააანალიზოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ცნობისთვის, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების პარალელურად თვითშეფასების კითხვარი ერთხელ უკვე შეიცვალა და ის საგრძნობლად შემცირდა.