დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ პედაგოგებს, რომლებიც იანვარში გამოასწორებენ ხარვეზს
უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი წელს 5 770 პედაგოგს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. იმ პედაგოგებს კი, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიენიჭათ სტატუსები, იანვარში ხარვეზების გამოსწორების საშუალება მიეცემათ. როგორც Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პედაგოგს სტატუსი ხარვეზების გამოსწორებისთანავე შეეცვლება:
„მასწავლებლის სახლი ახლა მუშაობს იმაზე, რომ იმ პედაგოგებს, რომლებსაც 2017-2018 წელს ეკუთვნოდათ სტატუსის მინიჭება და რაღაც მიზეზების გამო არ მიენიჭათ, ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა მიეცეთ. ამ კატეგორიის მასწავლებლები იანვარში შეძლებენ ხარვეზების გამოსწორებას და სტატუსიც იანვარშივე შეეცვლებათ. თუმცა აქვე აღვნიშვნავთ, რომ მხოლოდ ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობაზეა საუბარი და ეს არ ნიშნავს, რომ თავიდან იქნება იანვარში წარდგინება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ასევე, მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” განვითარებაზე, მეტი აქცენტი უშუალოდ სასწავლო პროცესზე იქნება გადატანილი. აღნიშნული ცვლილებები ამ წლის ბოლომდე დამტკიცდება, რის შემდეგაც მასწავლებლებს ინფორმაცია ამომწურავად მიეწოდებათ.