ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი - უახლესი კვლევის მონაცემები
თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში 50-750 ლარი, - წერია PMCG-ის (პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი) ახალ კვლევაში - „უთანასწორობა განათლებაში“.
კვლევაში თანახმად, რეპეტიტორებზე ხელმისაწვდომობა განსხვავდება ოჯახის შემოსავლის მიხედვით:
„ყველა ასაკობრივ ჯგუფში მაღალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ოჯახების მოსწავლეებს შორის უფრო გავრცელებულია რეპეტიტორობის პრაქტიკა. მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მე-12 კლასელთა 87%- ს ჰყავს რეპეტიტორი მაშინ, როცა დაბალ სოციოეკონომიკურ ჯგუფში შესაბამისი მაჩვენებელი 37%-ია.
რეპეტიტორობის საკითხზე უახლესი კვლევის მიხედვით, მოსწავლეებს, ჩვეულებრივ, 1-დან 5-მდე საგანში ჰყავთ რეპეტიტორი და ფასები თბილისში 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, რეგიონებშ კი - 50-დან 150 ლარამდე. უხეში გამოთვლებით, თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი,“ - წერია PMCG-ის კვლევაში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2018 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ასევე, ყურადსაღებია, რომ კერძო რეპეტიტორის საჭიროება არ უკავშირდება მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. იმავე გამოკითხვაში მოსახლეობის 58% აღნიშნავს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, 47%-ისთვის კი რეპეტიტორი საჭიროა სკოლაში წარმატებისთვისაც.