ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები აქტიურად ემზადებიან
განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები აქტიურად ემზადებიან. 50 სკოლის მხარდამჭერი ჯგუფების მომზადება ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია,ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებსმისცემს.ტრენინგი რამდენიმე მოდულისგან შედგება და მისი ჩატარება რეგიონებშიც იგეგმება.
მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, დაეხმარონ სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მხარდამჭერი ჯგუფები I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით იმუშავებენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა;
სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება;
ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.
მხარდამჭერის ჯგუფების წევრების ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები. ტრენინგების დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, მხარდამჭერი ჯგუფები მუშაობას მათთვის შერჩეულ სკოლებში განაგრძობენ.
50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდება, შემოდგომიდან კი ეს მოდელი კიდევ 100 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, მთელი საქართველოს საჯარო სკოლების მასშტაბით დაინერგება.
ინფორმაციისთვის:
მომზადდა სასკოლო კულტურისა და მე-4 კლასის მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების ინტრუმენტები, რომლებითაც შეფასდება 50 სამიზნე სკოლაში არსებული საწყისი მდგომარეობა, და შესაბამისად, დაიწყება განვითარებაზე ორიენტირებული ცვლილებები. სასკოლო კვლევის კულტურის შეფასება სამიზნე სკოლებში უკვე დაწყებულია. ტესტების მომზადება დასრულდა და უახლოეს მომავალში ამავე სკოლებში საგნობრივი აკადემიური მიღწევები შეფასდება. სამიზნე სკოლებში ეს შეფასება ყოველწლიურად ჩატარდება, მისი მიზანია წინსვლის გაზომვა და საჭიროებების დადგენა სათანადო დამხმარების გასაწევად. შეფასების კომპონენტს უძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.