საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ19-ს“- დავით გადელია
„ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ19-ს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს.
როგორც იგი აღნიშნავს, პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. გთავაზობთ დავით გადელიას პოსტს ამ თემაზე:
„ქვეყანაში მაქსიმალურად დალაგებულია ტრიაჟის, ანუ პაციენტთა სწორი გადანაწილების საკითხი - ავადმყოფს სტაციონარი სჭირდება, თუ მისი სახლში გაჩერებაც შეიძლება. არანაირი პრობლემა არაა ამ მხრივ, განსაკუთრებით თბილისში. ბათუმში, კერ კიდევაა გარკვეული პრობლემები, რაც კადრების სიმცირითაა გამოწვეული.
ამავე დროს, ბევრად მეტი ვიცით ამ დაავადებაზე: როდისაა საშიში გადადების თვალსაზრისით, როგორ ავირიდოთ გადადება, რომელია რისკის ჯგუფი და ა.შ. ბევრადაა შემცირებული მკურნალობის ხანგრძლივობა, მუდმივად ხდება მკურნალობების პროტოკოლების განახლება. ამიტომ მინდა დაბეჯითებით გირჩიოთ, დაუჯერეთ ოჯახის ექიმებს!! რამდენიმე შემთხვევა გვქონდა უკვე, როცა ოჯახის ექიმებმა არ ჩათვალეს ავადმყოფის სტაციონირება საჭირო და პაციენტს სახლში დარჩენა ურჩიეს. ამის მიუხედავად, თავად დაავადების სახელით შეშინებულმა პაციენტებმა მოგვაკითხეს კლინიკაში და მოითხოვეს სტაციონარული მკურნალობა. სულ ორიოდე დღეში დამშვიდდნენ, მიხვდნენ რომ სახლშიც გააგრძელებდნენ თავისუფლად მკურნალობას (ზოგს, საერთოდ არც სჭირდებოდა), გამოთქვამდნენ სურვილს, პროტოკოლის მიუხედავად გაგვეშვა სახლში (პროტოკოლის დარღვევა კი არაა სასურველი). მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, პჯრ კვლევებიც კი ამოღებულია გამოჯანმრთელების გაკონტროლებისას.
თებერვალშიც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა კოვიდის ე.წ. გრიპიზაცია (თუმცა ორგანოთა დაზიანების თვალსაზრისით, კოვიდ19-ს განსხვავებული პათოფიზიოლოგია აქვს). კიდევ ვიმეორებ იმას, რასაც თებერვალ-მარტში ვამბობდი: შიფტიან გრიპებს (ღორის, ფრინველის გრიპს რომ ეძახიან) უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ, ვიდრე კოვიდ19-ს (ე.წ. „ესპანურ გრიპზე“ საერთოდ არაა საუბარი!). ამიტომ არაა პანიკის არავითარი საფუძველი, დაუჯერეთ ექიმებს პირველივე ეტაპზეც (ოჯახის ექიმებს) და თუ კლინიკაში მოხვდით - კლინიკის ექიმებსაც! და რაც მთავარია: საზოგადოებრივ ადგილებში მუდამ გეკეთოთ პირბადე!“ - წერს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.