მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„ნამდვილი თუ მოგონილი“ - მე-10 და მე-11 კლასელებისთვის კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „მედიააკადემია“ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსის მიზანია მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარება.
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ახალი ამბავი, უნდა წარმოაჩინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. დავალების წარმოსადგენად კი, მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა.
„ნამდვილი თუ მოგონილის“ გამარჯვებულებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ჟიურის წევრები გამოავლენენ და მათ შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემენ.
I ადგილზე გასული მოსწავლე პრიზის სახით MacBook Pro-ს, II ადგილზე - iPhone XS, ხოლო III ადგილზე - iPad Pro + Apple Pencil-ს მიიღებს.
მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე - tiny.cc/oggb6y.
დავალების შესრულებისთვის დეტალურ და სასარგებლო ინფორმაციას ისინი კონკურსის გვერდზე ფეისბუქზე: ნამდვილი თუ მოგონილი - fb.com/namdvilitumogonili და კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge შეძლებენ.