მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილის განცხადება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპებზე ისაუბრა. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.
რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.
სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.
პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას.
მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, პედაგოგების საჭიროებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.
საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების და შესაბამისად პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).
ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.
ზემოთ ჩამოთვლილ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები.