Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ვაქცინა გავიკეთე, ახალი ნამშობიარები ვიყავი. ისეთი ამბავი ატყდა...“ - რუსკა მაყაშვილი

„როდესაც  ვაქცინა გავიკეთე, ახალი ნამშობიარები ვიყავი. ისეთი ამბავი ატყდა...“ - რუსკა მაყაშვილი

ცნობილმა ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ საზოგადოების მხრიდან მიღებული ნეგატიური რეაქციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვაქცინა გაიკეთა:

„როდესაც მე გავიკეთე ვაქცინა,​ ახალი ნამშობიარები ვიყავი. დავდე ფოტო, მოვუწოდე ყველა დედას, რომ აი, ნახეთ, ქალბატონებო და გოგოებო, ავიცერი, ვარ ძალიან კარგად. ისეთი ამბავი ატყდა... ვიჯექი, ვკითხულობდი. რა თქმა უნდა, არ გავბრაზებულვარ, იმიტომ, რომ ამაზე არ უნდა გაბრაზდე.“

„ერთმა დამიწერა ღმერთის სახელით, რომ ღმერთის მაინც არ გეშინიაო?! შენი შვილები არ გეცოდებაო?! მე დავუწერე, რომ ჩემი შვილები შემეცოდებოდა, როდესაც მე არ ვიქნებოდი აცრილი-მეთქი. ისევ იმ ქალბატონმა დამიწერა: „იცინე, იცინე, ​რომ მოკვდები, მერე მე გავიცინებ...“ ის, რომ ჩიპი შევიყვანე თხევადი, ის, რომ ორ წელიწადში მე მოვკვდები, - ძალიან სერიოზული აგრესია წამოვიდა. მეუბნებოდნენ: რამდენი გადაგიხადეს? როგორ შეიძლება გაიყიდო ყველაფერზე?“ - აღნიშნულ საკითხზე რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „The Talk შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„The Talk შოუ“

წაიკითხეთ სრულად