Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კორონავირუსი არსად არ გაქრება არც ერთი, არც ორი წლის განმავლობაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„კორონავირუსი არსად არ გაქრება არც ერთი, არც ორი წლის განმავლობაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ვაქცინების ბუსტერ დოზების მიღების წესებზე ისაუბრა:

„ჩინური ვაქცინების შემთხვევაში,​ თუ ასაკი 60 წელზე მეტია, ბუსტერი შეიძლება გაკეთდეს მეორე დოზის გაკეთებიდან სამი თვის შემდეგ. ყველა სხვა ასაკობრივ ჯგუფში, ყველა სხვა ვაქცინასთან მიმართებაში, მეორე დოზა გაიკეთეთ ექვსი თვის შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს უფრო მეტ დაცვას გაძლევთ, ვიდრე პირველი ორი დოზაც კი. ფაიზერმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, როდესაც ბუსტერის გაკეთების შემდეგ პირველად, საწყის მაჩვენებელზე უფრო მაღალი იმუნური პასუხი მიიღო. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.“

ივანე ჩხაიძის თმით, კორონავირუსი 1-2 წლის განმავლობაში არსად არ გაქრება:

​კორონავირუსი არსად არ გაქრება არც ერთი, არც ორი წლის განმავლობაში. შესაძლებელია, მან გააგრძელოს არსებობა, ისევე როგორც გრიპმა, კიდევ დიდხანს და დიდხანს. ამიტომ ყველაზე კარგი სცენარი, რაც შეიძლება იყოს და ჩვენ ამას მართლაც განვიხილავთ, ეს არის წელიწადში ერთხელ ვაქცინაცია, ისე, როგორც გრიპის ვაქცინას ვიკეთებთ. ოქტომბრის პერიოდში გაკეთდება ორივე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რაც მოგვცემს ერთი წლის განმავლობაში დაცვას.“

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად