Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმ ადამიანებში, ვისაც ეს გენი აქვს, ვირუსი უფრო ფატალურად მთავრდება, უჯრედები ვერ ებრძვიან ვირუსს,“ - ტატა ქებაძე

„იმ ადამიანებში, ვისაც ეს გენი აქვს, ვირუსი უფრო ფატალურად მთავრდება, უჯრედები ვერ ებრძვიან ვირუსს,“ - ტატა ქებაძე

ბრიტანეთის სამეფოს ლაბორატორიის მკვლევარმა ტატა ქებაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ოქსფორდის ინსტიტუტის ახალი აღმოჩენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღმოჩენილია ახალი გენი, რომელიც ადამიანს ვირუსთან ბრძოლაში ხელს უშლის:

„ოქსფორდის ინსტიტუტმა აღმოაჩინა გენი, რომელიც ადრე არ იყო შესწავლილი. ეს გენი სასუნთქ გზებშია და ​როდესაც ვირუსი ემართება ადამიანს, მისი უჯრედები ვერ ებრძვის ამ ვირუსს. შესაბამისად ამ ხალხში ვირუსი უფრო ფატალურად მთავრდება. საინტერესო აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 15% იყო ევროპული ხალხი, დანარჩენი აფრიკელები, აზიელი ხალხი.“

ტატა ქებაძის თქმით, აღნიშნული გენი უფრო მეტად აქვთ ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებს:

„გენი აქვთ ადამიანებს, ​რომელიც არ იყო ადრე მკაფიოდ შესწავლილი. სწორედ ამიტომ არის, რომ იმ ადამიანებში ძალიან რთულად მიდის კორონავირუსი. ეს გენი უფრო ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ. აზიურ და აფრიკულ ჯგუფებში უფრო ხშირია და ვირუსი ფატალურად მთავრდება. ესეც ერთგვარი სიახლეა.“

„აფრიკელ და აზიელ ადამიანებში ხშირად ძალიან რთულად მიდიოდა კოვიდი. აქ იყო საუბარი, ეს ხომ არ იყო სოციალური მდგომარეობის გამო. ახლა გაირკვა, რომ არამხოლოდ ეს, არამედ გენიც იწვევს ამას. ამ გენის გამო მათი უჯრედები ვერ ებრძვიან ვირუსს. მათ ორგანიზმს და უჯრედებს არანაირი რეაქცია არ აქვს, შესაბამისად მათთან ძალიან ფატალურად მთავრდება,“ - აღნიშნა ტატა ქებაძემ.

წყარო: ​ტელეკომპანია „რუსთავი 2“

წაიკითხეთ სრულად