Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე აღარ მაქვს ილუზია, რომ სწავლების დონე ისეა, როგორც უნდა იყოს,“ - ირინა ტაბუციძე დისტანციური სწავლების პრობლემების შესახებ

„მე აღარ მაქვს ილუზია, რომ სწავლების დონე ისეა, როგორც უნდა იყოს,“ - ირინა ტაბუციძე დისტანციური სწავლების პრობლემების შესახებ

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ონლაინ სწავლებით გამოწვეულ პრობლემატიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახლში კომპიუტერებთან დარჩენილი ბავშვების სწავლის პროცესის კონტროლი შეუძლებელია:

„დღეს ისეთი რეალობა გვაქვს, რომ მშობლები მუშაობენ, გასულები არიან სახლიდან, ბავშვები დავტოვეთ სახლში კომპიუტერებთან, სადაც კონტროლიც შეუძლებელია, შედის ბავშვი გაკვეთილზე თუ არ შედის. გარდა ამისა, ძალიან მოსაბეზრებელია თანატოლების გარეშე. სკოლაში ბავშვები ხომ არ დადიან მხოლოდ სწავლისთვის. ბავშვს ურთიერთობები სჭირდება, მეგობრები სჭირდება.​ მასწავლებელთან საერთოდ სხვა ურთიერთობა ყალიბდება, როდესაც პირისპირ არის ურთიერთობა.“

ირინა ტაბუციძის თქმით, ონლაინ სწავლება განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აზარალებს:

„უფროსკლასელებთან კიდევ მეტ-ნაკლებად არაუშავს ამ პრობლემას. უმრავლესობას გააზრებული აქვს, რომ სწავლა მას პირადად სჭირდება. პატარებთან არ მგონია, რომ რაიმე შინაგან მოტივაციაზე იყოს ლაპარაკი. უამრავი კვლევა ტარდება მსოფლიოში. ითვლება, რომ ყველაზე დიდ სტრესს მაინც განიცდიან პედაგოგები, შემდეგ მოსწავლეები და მერე მშობლები. ყველა ეძებს გზას, როგორ შეამსუბუქოს ეს მდგომარეობა. ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ​ეს პროცესი რაც შეიძლება სახალისო უნდა იყოს. ხალისთან ერთად უნდა მოხდეს სწავლება. პატარა კლასებში ამის გარეშე წარმოუდგენელია.“

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საოცრად დიდი ენთუზიაზმი, ენერგეტიკა, ვერბალური კომუნიკაციის კარგად ფლობის უნარი. იმის ილუზია, რომ ყველა პედაგოგი ასეთია, არ გვაქვს. ბევრს არ შეუძლია კამერასთან მუშაობა, რა თქმა უნდა, აქ ჩავარდნა ბევრად მეტი გვაქვს. გადამეტებული გართობით სწავლა შეუძლებელია, სხვა რაღაცებიც უნდა მუშაობდეს. იმედი მაქვს, ოქტომბრიდან გადავალთ შენობებში და ეს პრობლემა დავიწყებას მიეცემა. პედაგოგებს და მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ ​ეს პერიოდი როგორმე ფსიქოლოგიურად სტაბილურად მაინც გადავიტანოთ. მე აღარ მაქვს ილუზია, რომ სწავლების დონე ისეა, როგორც უნდა იყოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ირინა ტაბუციძემ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ Euronews Georgia

წაიკითხეთ სრულად