Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბუნება არის ბრძენი, განსაცდელს მოავლენს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ბუნება არის ბრძენი, განსაცდელს მოავლენს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

​ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა კორონავირუსის პანდემიისადმი მოსახლეობის განწყობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გულგრილობა ან პანიკა საფრთხეზე არასწორი რეაქციაა:

“ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ზუსტად მიესადაგება ალბერ კამიუს „შავი ჭირი.“ ქალაქში შავი ჭირია და ადამიანები ამის გაცნობიერებას გაურბიან. როდესაც გაცნობიერებას გაურბიხარ, იქ საბედისწერო შედეგი დგება. თუ ადეკვატური ხარ რეალობასთან დამოკიდებულებაში, აღიქვამ, იგებ, გამოხატავ, მაშინ ამ სიტუაციის მართვა და რეგულირება შეგიძლია. თუ საფრთხის პროპორციულია შენი შიში, მაშინ მასთან შესაბამისი დამოკიდებულება გექნება. ​თუ შიში იმაზე მეტია, ვიდრე საფრთხე, მაშინ ეს არის პანიკა. თუ გულგრილობას იჩენ და ამის დანახვას გაურბიხარ, მაშინ ჩვეულებრივ, ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, ბრიყვი ხარ. ეს არის, როდესაც პასუხისმგებლობას გაურბიხარ არსებულ ვითარებასთან მიმართებაში.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ყველაზე ლოგიკური დამოკიდებულება იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომელთა რეაქცია საფრთხის პროპორციული იყო:

​დღევანდელი ქართული საზოგადოების მდგომარეობა ასეთია. თავდაპირველი რეაქცია ნაწილში იყო ​გულგრილი, შეიძლება ითქვას, ბრიყვული. გარკვეულ ნაწილში ეს ახლაც გრძელდება. მეორე ნაწილში იყო პანიკური მდგომარეობა. იყო საზოგადოების ის ნაწილიც, რომლის რეაგირება, აღქმა და გამოხატვა იმისა, რაც ხდებოდა, იყო პროპორციული. პირველ ეტაპზე სწორედ ამ ნაწილის დახმარებით გახდა მართვადი სიტუაცია.“

ნანა ჩაჩუა აცხადებს, რომ ადამიანები რეალობას არ უნდა გაურბოდნენ და არასწორი ქცევის კორექტირებას უნდა ცდილობდნენ:

„შემდეგ მოხდა ის, რაც ხდება კამიუს „შავ ჭირში.“ კარანტინში მყოფ ადამიანს შეყვარებული ჰყავს ქალაქგარეთ და ყველა ღონისძიებას უნდა მიმართოს, რომ მას შეხვდეს. ეს არის რეალობიდან გაქცევა. ეს არ არის სიყვარული. ეს დამოკიდებულება არის საკორექციო. დღეს შეგვახსენა ჩვენმა წარსულმა თავი, რომლის დავიწყებასაც მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ. ძველ საქართველოში ჩვენ ერთმანეთს ვესალმებოდით მკერდზე ხელის მიდებით და თავის დახრით. ამას მეც შევესწარი.“

„ბუნება არის ბრძენი, განსაცდელს მოავლენს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა. თუ განსაცდელის საჭიროებას ჩვენ ადეკვატურად მივხვდებით, დავფიქრდებით, თვითჩაღრმავების პროცესში გადავიყვანთ ჩვენი აზროვნების მიმართულებას, რომელიც სულ გარეთ გარბის ბრჭყვიალა საგნებისკენ, დროსტარებისკენ, დავფიქრდებით იმაზე, რომ ​სიცოცხლე უპირველესია, მაშინ მივხვდებით, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანობა კიდევ უფრო უპირველესია. სადაც სიცოცხლეა, იქ სიკვდილი არსებობს. სიკვდილი, რომელიც სიცოცხლეში მოპოვებული გაქვს, არის სწორედ „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.“ ჩვენ ყველანაირად მოგვეცა ახლა საშუალება XXI საუკუნის დასაწყისში, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ვართ პასუხისმგებელი საკუთარი თავის, საზოგადოების, ბუნების წინაშე,“ - აღნიშნავს ნანა ჩაჩუა

​წყარო


წაიკითხეთ სრულად