Baby Bag

საბავშვო ოთახში ზონების და ავეჯის სწორი განლაგებით არამარტო კომფორტი და სიმყუდროვე მიიღწევა, არამედ ეს ბავშვის სწორ განვითარებასაც უწყობს ხელს

საბავშვო ოთახში ზონების და ავეჯის სწორი განლაგებით არამარტო კომფორტი და სიმყუდროვე მიიღწევა, არამედ ეს ბავშვის სწორ განვითარებასაც უწყობს ხელს

დღეს პარასკევია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ინტერიერის დიზაინერ ნინი ოგანის რეკომენდაციებს გთავაზობთ. გაეცანით რჩევებს სახლის ინტერიერთან დაკავშირებით და არ დაგავიწყდეთ, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

წარმოგიდგენთ მესამე თემას - საბავშვო ოთახის ზონირება

ბავშვის და მოზარდის ოთახებს შორის განსხვავება ისაა, რომ ბავშვის ოთახში საჭიროა ყველა ზონის - სათამაშო, სამეცადინო, საძილე... გაერთიანება. ამ ზონების და ავეჯის სწორი განლაგებით არამარტო კომფორტი და სიმყუდროვე მიიღწევა, არამედ ეს ბავშვის სწორ განვითარებასაც უწყობს ხელს. ოთახის სწორი ზონირება ბავშვს წესრიგს და სივრცის სწორად განაწილებას ასწავლის. 

არსებობს რამდენიმე წესი, როგორ უნდა გაანაწილოთ საბავშვო ოთახში სივრცეები

როდესაც ოთახი მხოლოდ ერთი ბავშვისაა, მისი ზონირება შესაძლებელია იატაკის სხვადასხვა წყობით ან განსხვავებული მასალით, სხვადასხვა ჭერის ფორმით ან ავეჯით. ასევე ბავშვის ინტერესის გათვალისწინებაც აუცილებელია. მაგალითად, თუ ბავშვს ცეკვა უყვარს, მას ოთახში დიდი სარკე შეგიძლიათ გაუკეთოთ, თუ კალათბურთით არის გატაცებული, შეგიძლიათ, ოთახში კალათბურთის ფარი დაუმონტაჟოთ. 

თუ ლაპარაკია სხვადასხვა სქესის ბავშვების ოთახში სივრცეების განაწილებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თავისი კუთხე. მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ და აუცილებლად სჭირდებათ პირადი სივრცე. ამიტომ კარგია ცალ-ცალკე ლოგინების განთავსება.

ფუნქციონალური ზონების გაყოფა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება, მოახდინოთ ოთახის ზონირება:

  • იატაკის ან/და ჭერის დონის შეცვლა 
  • საძინებლის ზონის გაყოფა ფარდით ან სხვა ტექსტილის ნამუშევრით (შირმა)
  • ოთახის ზონების თაღით და კოლონებით გაყოფა
  • სხვადასხვა მასალით ან/და ფერით მოპირკეთება (კედლების, იატაკის)
  • ავეჯით გაყოფა - კარადა, თაროები ან დივანი

​ბავშვის ოთახში რემონტის გაკეთებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მასალა უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი.

ყველა ბავშვის ოთახს (არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ბავშვი ცხოვრობს მასში) უნდა ჰქონდეს სამი ზონა: სათამაშო, საძილე და სამეცადინო. თუ არის ფართის საშუალება, მას შეიძლება დაემატოს სპორტის და გარდერობის ზონები. 

სათამაშო ზონა

გარკვეულ ასაკამდე სათამაშო ზონა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბავშვის ოთახში. სულ პატარებისთვის უნდა გაითვალისწინოთ სწორი კუთხეების დარბილება ან საერთოდ თავის არიდება. ამიტომ ავეჯი ისე განალაგეთ, რომ გათავისუფლდეს ოთახის ცენტრი ან ოთახის რომელიმე ნაწილი თამაშისთვის. 

ამ ზონის საძილე ზონისგან განცალკევებაში დაგეხმარებათ არამარტო დეკორატიული შირმები ან თაროები, არამეტ სპორტული საგნები - ე.წ. შვედური კედელი, თოკები ან კიბეები. ასეთი სტილის ოთახის გაფორმება შესაძლებელია ფოტო-შპალერებით ან მკვეთრი მხიარული ფერის მასალებით. ამ ზონაში  აუცილებელია ხალიჩა, რადგან ბავშვებს ხშირ შემთხვევაში იატაკზე თამაში უყვართ.  

სათამაშოების შენახვა შესაძლებელია სპეციალურ ყუთებში ან თაროებზე, რომლებიც სათამაშო ზონასთან უნდა იყოს განთავსებული.

საძილე ზონა

საძილე ზონა შედგება საწოლისგან და პატარა ტუმბოსგან. ორი ან მეტი ბავშვის შემთხვევაში, დგამენ ორდონიან საწოლს და დამატებით ადგილს დივნის სახით, რომელიც დღის განმავლობაში მოსასვენებელი ადგილი იქნება. 

ამ ზონის გაყოფა შეიძლება ამაღლებული ადგილით, შირმებით, საინტერესო ფორმის კედლით, სხვადასხვა ტექსტილით, სასურველია მკვეთრი ფერების გამოყენება. ასევე შესაძლებელია თაროებიანი კარადის დამონტაჟება, სადაც წიგნებსა და სხვადასხვა ნივთებს შეინახავს. 

თუ საბავშვო ოთახის ფართი პატარაა, ბავშვის საძილე ადგილი შეიძლება მომცრო (დაბალი) ზომის კარადის თავზე განთავსდეს, კარადას შეიძლება ჰქონდეს ბავშვის სამეცადინო მაგიდა და თაროები წიგნებისთვის.

სასწავლო ზონა


თქვენი ბავშვი იზრდება და უკვე დროა, იფიქროთ იმ ადგილის მოწყობაზე, სადაც ბავშვი დახატავს, გამოძერწავს, ფაზლებს ააწყობს. ამ ასაკში ეს შეიძლება იყოს, პატარა ლამაზი მაგიდა და სკამი, შემდეგ კი მას შეცვლის ჩვეულებრივი სასწავლო მაგიდა.

იდეალური გადაწყვეტილებაა - სასწავლო ზონის განთავსება ფანჯარასთან ისე, რომ შუქი ეცემოდეს მაგიდის ზედაპირზე მარცხენა მხრიდან ან პირდაპირ. თუ საშუალება არაა ფანჯარასთან განთავსდეს ეს სივრცე, საჭიროა ხელოვნური მაგიდის სანათი. 

​ამ ზონაში ასევე საჭიროა წიგნების თაროების განთავსება, შესაძლებელია პატარა დაფის გაკეთება, სადაც ცარცით რამეს მონიშნავს ან დახატავს, ბავშვის განვითარებისთვის ასევე ძალიან სასარგებლოა მსოფლიო რუკის გაკვრა.

ერთსქესიანი ბავშვების ოთახის ზონირება

გეგმარება და დიზაინი ასეთი ოთახის გამომდინარეობს მისი მაცხოვრებლების ასაკიდან. თუ ერთი ბავშვი ბაღის მოსაწავლეა და მეორე სკოლის - სათამაშო და სასწავლო ზონა უნდა იყოს მაქსიმალურად დაშორებული ერთმანეთისგან, როცა უფროსი ბავშვი მეცადინეობს, უმცროსის თამაში მას ხელს უნდა არ უშლიდეს.

ამ შემთხვევაში ფერი შესაძლებელია ორივესთვის ერთი იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ ცალკე-ცალკე ან შესაძლებელია ორსართულიანი საწოლი. 

გოგოების შემთხვევაში აუცილებელია პატარა სივრცის შექმნა, სადაც თავის მოწესრიგება შეეძლებათ. 

ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საძილე, სამეცადინო ზონები ცალ-ცალკე. სათამაშო ზონა კი შეიძლება საერთო იყოს. 

 

სხვადასხვასქესიანი ბავშვების ოთახის ზონირება

ამ შემთხვევაში საჭიროა ორი საძილე, ორი სასწავლო და ორი მოსასვენებელი ზონის მოწყობა. სათამაშო ზონა ამ შემთხვევაშიც შეიძლება იყოს საერთო, მაგრამ ცალ-ცალკე ადგილი, სადაც თავიანთი ნივთებისა და სათამაშოების შენახვას შეძლებენ. 

დეკორის შემთხვევაში ფერით ზონირებაა შესაძლებელი. მაგალითად, გოგოსთვის უფრო ღია პასტელური ფერები, ბიჭისთვის შედარებით მკვეთრი, მაგრამ არაგამაღიზიანებელი ფერებია საჭირო. შეიძლება ოთახის ერთ ფერში გაფორმება, მაგრამ ზონების განსხვავება აქსესუარებით და ტექსტილით.

ასევე შესაძლებელია ლოგინის კედლის გაფორმება - ბიჭს მოუხდება მანქანები, თვითმფრინავები, ხოლო გოგოს ყვავილები და საყვარელი მულტფილმის პერსონაჟები. შეგიძლიათ პირადად აარჩევინოთ სასურველი დიზაინი.

ასევე საჭიროა უზრუნველყოთ სასწავლო ზონა ისე, რომ მეცადინეობის დროს ბავშვები ერთმანეთს არ უშლიდნენ ხელს და მათი ნივთებიც არ უნდა ირეოდს ერთმანეთში, ამისთვის კი შესანახი ადგილებიც  ცალ-ცალკე უნდა იყოს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

წესრიგი ბავშვის ოთახში - ასეთი რამ შესაძლებელია?

წესრიგი ბავშვის ოთახში - ასეთი რამ შესაძლებელია?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ინტერიერის დიზაინერ ნინი ოგანის რეკომენდაციებს გთავაზობთ. გაეცანით რჩევებს სახლის ინტერიერთან დაკავშირებით და არ დაგავიწყდეთ, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

წარმოგიდგენთ მეოთხე თემას - წესრიგი საბავშვო ოთახში

წესრიგი ბავშვის ოთახში - ასეთი რამ შესაძლებელია? - ბევრ მშობელს ალბათ, სკეპტიკურად ჩაეცინება და გაიფიქრებს: „ჩემი ბავშვის შემთხვევაში შეუძლებელია“. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რადგან ერთი-ორი ცვლილება ორგანიზების წესში და ძალიან მალე დაინახავთ ეფექტს.

ბავშვის ოთახის მოწესრიგებისთვის მოზარდის ოთახისგან განსხვავებული მიდგომაა საჭირო. საბავშვო ოთახის მოწყობისას ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, ბავშვი წესრიგს მარტივად მიეჩევევა და ოთახის დალაგების დროს არ დაიღლება: 

  • ოთახში აუცილებლად საჭიროა საკმარისი ადგილი სხვადასხვა ნივთის შესანახად;
  • ​ავეჯის სწორი ზონირება - ყოველი საქმიანობისთვის ცალკე. სათამაშოების სათავსო წიგნებისა და ტანსაცმელისგან განცალკევებით უნდა იყოს;
  • დააჯგუფეთ საგნები არამარტო დანიშნულებით, არამეტ ზომებითაც. წვრილი ნივთებისთვის უნდა იყოს პატარა სათავსოები, ყუთები ან კონტეინერები;
  • თაროები, რომლებშიც შეგიძლიათ ჩადგათ ფერადი სათავსოები (ყუთები). ეს არის ორგანიზების ყველაზე ოპტიმალური და ადვილი ხერხი. შეგიძლიათ გაუკეთოთ წარწერა, თუ რა ინახება შიგნით;
  • ყუთები არ უნდა იყოს ერთ ფერში, რადგან ბავშვებს ფერების მიხედვით გაუმარტივდეს დამახსოვრება, თუ რომელ ყუთში რა ნივთია მოთავსებული; 
  • ყუთები უნდა იყოს ადვილი დასალაგებელი. თაროების სიმაღლე უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვი ადვილად მიწვდეს;
  • მაგიდის შერჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ მის სათავსოებს და თაროებს;
  • წვრილმანებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დაფა კედელზე, რომელსაც ექნება ნაჭრის ჯიბეები. ესეც შეგიძლიათ გააფორმოთ სხვადასხვა ფერით;
  • არსებობს ხალისიანი სათავსოები სათამაშოს ფორმით, რომელშიც შეგიძლიათ ჩაალაგოთ სათამაშოები.
    ​​

დღეს მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ბევრს აწუხებს. როგორ მოვაწყოთ ბავშვის სათამაშო ადგილი, როცა სივრცეში შეზღუდულები ვართ?

გამოვყოთ ოთახში ერთი კუთხე.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია თამაშის რამოდენიმე ვარიანტი: აქტიური თამაში, სახატავი მაგიდა და კუთხე, სადაც შეეძლება განმარტოება. მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ააშენონ სახლები საბნებისგან და დაიმალონ მაგიდის ქვეშ. დღეს ბავშვებს სათამაშოების უფრო ფართო ასორტიმენტი აქვთ და მეტი საშუალება, რომ ჰქონდეთ უკვე მზა „სახლი“. შეგიძლიათ უყიდოთ მზა კარავი, სადაც შეიტანს სათამაშოებს, მოიწყობს თავის კუთხეს. როცა კარავში თამაში მობეზრდება, შეგიძლიათ, კარავი დაკეცოთ და მის ადგილზე დაუდგათ სახატავი მაგიდა. 

თუ გინდათ ფართი სწორად გამოიყენოთ, სამეცადინო/სათამაშო მაგიდა შეგიძლიათ ფანჯარასთან განათავსოთ. მაგალითად, როგორც ამ სურათზეა. გამათბობელი რადიატორი დახურულია დეკორატიული ღობით, რაც არ ფარავს სითბოს გამოსვლას, მაგრამ ლამაზად ჩანს ინტერიერში. ასეთი ფანჯრის ქვეშ ბავშვი თბილად ითამაშებს და არ შეგიშლით ხელს თავისი ნივთებით შუა სივრცეში.

სათამაშო სამზარეულო საკმაოდ მოცულობითი ნივთია, მაგრამ ასევე ძალიან საჭირო გოგონებისთვის - შესაძლოა, ათამაშოთ ბავშვი და ასევე საყოფაცხოვრებო საქმეს მიაჩვიოთ. თუ ბავშვის ოთახში მისი ადგილი არ გაქვთ, შეგიძლიათ, სამზარეულოში გამონახოთ მისთვის ადგილი (რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ მანძილზე გაზქურადან). ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ საოჯახო საქმეების კეთებას და ბავშვთან კომუნიკაციას. 



იმისთვის, რომ ბავშვმა დახარჯოს ენერგია და ამავდროულად იყოს უსაფრთხოდ, მშობლებს აქვთ რამდენიმე ვარიანტი. პირველი - დააგონ რბილი ხალიჩა იატაკზე და გაყონ ბავშვის ზონა ან მეორე - მიიღონ დროებითი ზომები, რომლებსაც მერე ადვილად განათავსებენ სხვა ადგილას, ან სულაც გააუქმებენ. 

ადგილის მოგების მიზნით მეორე ვარიანტი სჯობს. შეიძინეთ რბილი ფერადი მატრასები და მასზე დაყარეთ ბალიშები. 

დაამონტაჟეთ საძილე ადგილი მეორე „სართულზე“ და მის ქვემოთ დარჩენილი სივრცე დატოვეთ სათამაშოდ (როგორც ეს ფოტოზეა აღნიშული).

თუ გინდათ ბავშვი იყოს ბედნიერი და საბავშვო ოთახი თქვენს გემოვნებას შეესაბამებოდეს, საჭიროა იმპროვიზაცია - გადახედეთ თქვენს ინვენტარს, დარწმუნებული ვარ, ყველას გექნებათ სახლში კალათა (სათამაშოების შესანახად რომ გამოიყენოთ), თავისუფალი კუთხე (ბავშვის კარვის ან უბრალოდ დასაჯდომად რბილი ადგილის მოსაწყობად), ან უბრალოდ ფანჯარა, რომლის ქვეშ მოუწყობთ თბილ და მყუდრო გარემოს. ყველაფერი თქვენს ხელშია... 

წაიკითხეთ სრულად