Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი ინიციატივას რომ გამოიჩენს, „შენ ეს არ შეგიძლია, ეს არ მომწონს, არ ვარგა,“ არ შეიძლება ამ დროს ამის თქმა,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ბავშვი ინიციატივას რომ გამოიჩენს, „შენ ეს არ შეგიძლია, ეს არ მომწონს, არ ვარგა,“ არ შეიძლება ამ დროს ამის თქმა,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ სტაბილური თვითშეფასების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„როდესაც ჩვენ თვითშეფასების შესახებ ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ თვითშეფასება თუ სტაბილურია, ეს არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში თვითშეფასება არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. როდესაც ჩემი შესაძლებლობების შესახებ თვითონვე გამაჩნია ცოდნა და მის მიმართ დამოკიდებულება არ მიქმნის პრობლემას. ადამიანის თვითშეფასება, რა თქმა უნდა, ოდნავ მეტი უნდა იყოს, რომ სტიმული იყოს, რათა კიდევ უფრო მაღლა წარვმართო ჩემი შესაძლებლობების განვითარება.“

ნანა ჩაჩუას თქმით, მშობლებმა ბავშვის თვითშეფასებაზე ზრუნვა დაბადებიდან უნდა დაიწყონ:

„ბავშვის თვითშეფასებაზე ზრუნვა დაბადებიდანვე უნდა დავიწყოთ. ამ დამოკიდებულებით უნდა ვზრდიდეთ ჩვენს შვილებს. 10-11 წლამდე ბავშვი გადის კლიშეს ეტაპს. ის შეფასებებს იღებს მშობლებისგან, ოჯახის წევრებისგან. როდესაც ეს შეფასებები ადეკვატურია, ბავშვს ეუბნებიან: „რა კარგად შეგიძლია, ყოჩაღ! შენ ამას შეძლებ!“ რაღაც თუ ვერ გამოსდის: „არაუშავს, რთულია, შენ შეძლებ ამას. დაგეხმარები!“ ასეთი თანადგომა ბავშვთან მიმართებაში მის თვითშეფასებას მაღლა აწევს. 2-3 წლის ასაკში ბავშვი რომ ცდილობს კოვზს ხელი მოჰკიდოს, ჩამოეთხვრება კიდეც საჭმელი, თუ დაეხმარები ამ დროს, ავტონომიურობის ეტაპი წარმატებულად გადაივლის. ეს არის თვითშეფასების ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ეტაპი.“

„3-6 წლამდე ინიციატივის ეტაპი დგება. ბავშვი ინიციატივას რომ გამოიჩენს, „შენ ეს არ შეგიძლია, ეს არ მომწონს, არ ვარგა,“ არ შეიძლება ამ დროს ამის თქმა. მერე ბავშვმა უნდა გადააჭარბოს, გაზარდოს თავისი თვითშეფასება ან პირიქით, დაკნინდეს და აბსოლუტურად დაირცხვინოს. 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებთან არის შრომისმოყვარეობა, ისინი სკოლაში იწყებენ სიარულს, თვითორგანიზებას ეყრება საფუძველი. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ წინა დღით სასკოლოდ მოამზადოს ყველაფერი, ჩასაცმელი, სასწავალო ნივთები, გაკვეთილები, თადარიგი დაიჭიროს მეორე დღისთვის. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, რომ ბავშვს ეს ვასწავლოთ, მას არასრულფასოვნების კომპლექსები და განცდები ჩამოუყალიბდება,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად