Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„უნდა დავანგრიოთ მითი, რომ აღდგომის წითელი კვერცხი არ წყენს და ბავშვმა შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„უნდა დავანგრიოთ მითი, რომ აღდგომის წითელი კვერცხი არ წყენს და ბავშვმა შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში სააღდგომო კვერცხის გადაჭარბებულად მიღებით გამოწვეული პრობლემების შესახებ ისაუბრა:

„აღდგომის დღეებში, როდესაც წითელი კვერცხი ყველას გვაქვს ოჯახში, უხვად არის და ბავშვებს თვალს ჭრის. მათ განსაკუთრებულად უნდათ, რომ ეს გასინჯონ. კარგი სათამაშოა, ამტვრევენ, მირბიან მშობლებთან. რა თქმა უნდა, პედიატრები და პედიატრიული ნუტრიციოლოგია განსაკუთრებული მიდგომით არის კვერცხის მიმართ. კვერცხი არის საშენი მასალა ბავშვის ორგანიზმისთვის. პედიატრიულ ასაკში კვერცხს აქვს განსაკუთრებული ვადები, რაოდენობა, განსაკუთრებული პერიოდები, როდესაც შეიძლება კვერცხის მიცემა.“

„უნდა დავანგრიოთ ის მითიც, რომ აღდგომის წითელი კვერცხი არ წყენს და ბავშვმა შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს. მე ამას ფაქტებზე დამყარებული მედიცინით ვამბობ. ჩვენ ვხვდებით ამას, როდესაც აღდგომის შემდგომ დღეებში მოჰყავთ ბავშვები, გადაჯერებული ამ პროდუქტით. თავის დადებით მნიშვნელობასთან ერთად კვერცხს აქვს ბევრი უარყოფითიც, თუ მას არადოზირებულად, არარეგლამენტირებულად მიიღებ. ბავშვთა ასაკში კვერცხის მიცემა იწყება 7 თვის ასაკიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ კვერცხის გულს, იმიტომ, რომ ცილა დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავს და შესაძლოა, გახდეს ალერგიული. გულის და ცილის ერთად მიცემა ხდება მხოლოდ 1 წლის ასაკიდან, მაშინ, როდესაც ბავშვის ორგანიზმს შეუძლია ეს ყველაფერი მიიღოს. პედიატრები ხშირად კვერცხის მიცემას ვიწყებთ მწყერის კვერცხის გულით. ის ძალიან იშვიათად ინფიცირდება. ბავშვმა შვიდი თვის ასაკში უნდა მიიღოს ქათმის კვერცხის გულის მხოლოდ მერვედი. ამას თანდათანობით ვუმატებთ და ერთი წლის ასაკისთვის უკვე დასაშვებია ნახევარი კვერცხის გულის მიცემა. ერთი წლის შემდეგ უკვე მთლიანი კვერცხის გული შეიძლება მივცეთ ბავშვს კვირაში 2-3-ჯერ მაქსიმუმ. მეტად გადატვირთვა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად