Baby Bag

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბავშვებისთვის ძალიან მიმზიდველია სახიფათო თამაშები, ვინაიდან სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება სამყაროს შეცნობა''

,,ბავშვებისთვის ძალიან მიმზიდველია სახიფათო თამაშები, ვინაიდან სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება სამყაროს შეცნობა''

უნდა დავუშალოთ თუ არა ბავშვებს სახიფათო თამაშები, რა გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე შეზღუდვების დაწესება და როგორ დავიცვათ ისინი? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.

- ქალბატონო ნანა, პატარებს უყვართ სახიფათ ადგილებში თამაში, უნდა დავუშალოთ თუ არა?

- ბავშვებისთვის ძალიან მიმზიდველია სახიფათო თამაშები, როგორიც არის: ჭიდაობა, კოტრიალი, დაცემა, სიმაღლეებზე ცოცვა, ბასრი იარაღები, დამალობანა და ა.შ. მნიშვნელოვანია ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა ითამაშონ მსგავსი თამაშები, ვინაიდან სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება სამყაროს შეცნობა, ახალი განცდების, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება. უარყოფამ და შიშის განცდის შეგრძნებამ შესაძლოა შეაფერხოს სამყაროს შეცნობის ჯანსაღი პროცესი, შეამციროს სითავისუფლის, სიხარულის, ბედნიერების განცდა და გამოიწვიოს ზედმეტი თვითკონტროლის მოთხოვნა, რომელიც ზრდის შფოთვას.

ბავშვებმა იციან და კარგად აცნობიერებენ ზღვარს საკუთარ შესაძლებლობებსა და საშიშროებას შორის, ამიტომაც მნიშვნელოვანია თამაშს თვითონ აკონტროლებდეს. მათ კარგად იციან როგორ მიიღონ ახალი ემოცია და ახალი გამოცდილება, როგორ შეიმეცნონ გარე სამყარო, განსაზღვრონ სწორი რისკები და შესაბამისად ითამაშონ. ხშირად მშობლები აკრძალვით მეთოდებს იყენებენ საკუთარი შიშის დასაძლევად და სიმშვიდის შესანარჩუნებლად. არიან ბავშვები რომლებიც გადამეტებულად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობლებს, ასეთ დროს მნიშვნელოვანია მეთვალყურეობა მშობლის მხრიდან, ახსნა შესაძლო რისკების და არა აკრძალვა ან უარყოფა. მხარდამჭერი მშობელი აძლიერებს შვილის ყოველ ახალ ინიციატივას და აგრძნობინებს მას, რომ ის მის გვერდითაა ყველა საჭირო მომენტში.

- მათი სამომავლო უსაფრთხოებისთვის უკეთესი ხომ არ არის ნება დავრთოთ ითამაშონ ისეთ ადგილებში და ისეთი თამაში, რისი მოთხოვნილებაც აქვს?

- მნიშვნელოვანია ბავშვი გრძნობდეს მშობლის მხრიდან ნდობას, რომ ვენდობით და გვჯერა მათი შესაძლებლობების, ასევე ვართ მათ გვერდით, როცა დავჭირდებით. სინამდვილეში ბავშვის მიერ არჩეული თამაშით მიღებული სიამოვნება და სარგებელი ბევრად აღემატება იმ რისკს, რომლის გამოც ხშირად ღელავენ მშობლები. საკუთარი ნებით არჩეული თამაში ბევრად უფრო ბედნიერების და სიხარულის მომგვრელია ბავშვებისთვის, ვიდრე მშობლის მიერ განსაზღვრული გარკვეული გარემო და ჩარჩო.

- თუ მივცემთ ამის შესაძლებლობას, როგორ დავიცვათ?

- ხშირად ბავშვები, რომლებიც თამაშობენ თავისუფლად, ზედმეტი კონტროლის გარეშე საკუთარი სურვილით, იმდენად იზიდათ მრავალფეროვანი თამაში, რომ იშვიათად იღებენ სერიოზულ ტრავმებს, როცა რაღაცას იტკენენ ცდილობენ შეცვალონ თამაშის ორიენტირი, რადგანაც აირიდონ ხელმეორედ ტკივილის განცდა, ითვალისწინებენ მიღებულ გამოცდილებას და მეტი სიფრთხილით აგრძელებენ თამაშს.


რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკის გათვალისწინებით მშობელი ახლოს იყოს მასთან, საჭიროების შემთხვევაში. ასევე ბავშვის მხრიდან საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასების დროს მნიშვნელოვანია მშობელმა აუხსნას შესაძლო რისკები და დაგეგმონ ერთობლივი თამაში.

- როგორია თამაშის შეზღუდვის საზიანო შედეგები და რა ზეგავლნას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე?

- როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებშიც, ნებისმიერი დაბრკოლება აძლიერებს თვითგანვითარებას, იძლევა ახალ გამოცდილებას და ახალ ცოდნას სამყაროს შესახებ. იზოლირებული და კონტროლირებადი გარემო თრგუნავს თვითგამოხატვის, თავისუფლების, ბედნიერებისა და დამოუკიდებლობის განცდას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების მენტალური მდგომარეობა, სხვადასხვა სახის ემოციური დარღვევები, რომლებიც ზემზრუნველობის და გადამეტებული კონტროლის შედეგად შესაძლოა განვითარდეს.

ბავშვის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მრავალფეროვანი თამაშების შესაძლებლობას, ნდობით აღჭურვილი მხარდამჭერი გარემო, რომელიც ავითარებს ბავშვის უნარებს და ინიციატივებს, აძლევს თვითგამოხატვის, სირთულეების გადალახვის, სიახლეების შეცნობის, სიხარულის და ბედნიერების განცდას. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური


წაიკითხეთ სრულად