Baby Bag

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ძირითადი ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ ურთიერთობა ტოქსიკურია და როგორ დავაღწიოთ თავი ასეთ ურთიერთობას?

რა ძირითადი ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ ურთიერთობა ტოქსიკურია და როგორ დავაღწიოთ თავი ასეთ ურთიერთობას?
რა ძირითადი ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ ურთიერთობა ტოქსიკურია და როგორ დავაღწიოთ თავი ასეთ ურთიერთობას? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, არტთერაპვეტი, ფსიქოდიაგნოსტი-ფსიქოკონსულტანტი, მარიამ ბასოშვილი.
- ზოგადად, რას გულისხმობს ტოქსიკური ურთიერთობა და როგორია ტოქსიკური ადამიანი?
- სიტყვა „ტოქსიკურს“ ძალიან ხშირად თავად კლიენტები მოიხსენიებენ და ეს სიტყვა ურთიერთობის ერთგვარი შეფასებაა. როდესაც ადამიანი ურთიერთობას აფასებს, როგორც ტოქსიკურს, ეს ნიშნავს, რომ მასზე ეს ურთიერთობა საწამლავივით მოქმედებს. ტოქსიკური ურთიერთობა შეიძლება ვუწოდოთ ნებისმიერ არაჯანსაღ ურთიერთობას, სადაც არ ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს, დაკარგულია პირადი საზღვარი, წყვილში ერთ-ერთს მაინც აქვს დისკომფორტის განცდა. არსებობს წყვილის სიუჟეტები, რომლის მიხედვით ვხვდებით, რა ურთიერთობაშია ადამიანი და რამდენად ჯანსაღი კავშირი აქვს მას. ერთ-ერთი სიუჟეტი ურთიერთობის, რომელსაც შეგვიძლია ტოქსიკური ვუწოდოთ, არის შემდეგი: ორი როლი - დომინანტის და მსხვერპლის. მსხვერპლი არის ამ ურთიერთობაში დამკვეთის (დომინანტის) ინტერესების მუდმივი შემსრულებელი.
- რა არის ტოქსიკური ურთიერთობის მთავარი ნიშანი?
- როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის პირადი საზღვრის დაკარგვა. ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება, შეუძლია, რომ მისი ინტერესები დაიკმაყოფილოს. ფსიქოლოგიურად, როდესაც ადამიანი მუდმივი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ არის, ასეთი ურთიერთობა ვერ იქნება ჯანსაღი. ფიზიკურ ძალადობაზე ამ შემთხვევაში აღარ ვლაპარაკობ, რადგან ყველაფერი, რომ ჩრდილში რჩებოდეს, ეს უკვე პიკია პიროვნების დამსხვრევის.
- ასეთი ურთიერთობები მენტალურად ცუდ ზეგავლენას ახდენს ურთიერთობაში მყოფ ადამიანზე. კონკრეტულად, რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკურმა ურთიერთობამ წყვილში?
- როდესაც ჩემთან მოდიან ტოქსიკური ურთიერთობის პრობლემით და სურთ, რომ დაასრულონ ეს ურთიერთობა, ამ ყველაფრის უკან ძალიან ბევრი პრობლემაა ჩაშლილი და საკმაოდ დიდი მუშაობაა საჭირო. ხშირად ვხვდებით მკვეთრად გამოხატულ დეპრესიულ მდგომარეობას, ან სხვადასხვა ემოციური სფეროს პათოლოგიას, დაქვეითებულია ასევე თვითშეფასება. ამ დროს ადამიანს სჭირდება ყველა სიმპტომის მოხსნა, რომელიც ერთი შეხედვით თავადაც იცის და მეორე მხრივ, იმ ღრმა შრეებზეა მუშაობა საჭირო, რომელიც ახდენდა პროვოცირებას, რომ სწორედ ასეთ ურთიერთობაში ყოფილიყო და ის ქცევის სტრატეგიები ჰქონოდა, რომელიც მას მხოლოდ პრობლემას უქმნიდა.
- ხშირად ადამიანებს უჭირთ, ტოქსიკურობის მიუხედავად, ამ ურთიერთობიდან გამოსვლა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ არაჯანსაღ ურთიერთობას?
- დიახ, ნამდვილად უჭირთ და მათთვის ძალიან ძნელია ამ საკითხთან ბრძოლა. ძალიან ბევრი ამჯობინებს, იყოს ისევ იმ სიტუაციაში, ვიდრე იმ მიჯაჭულობის გაწყვეტაზე იმუშაოს, რაც მას აკავშირებს. ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი და დამოკიდებულება. როგორც რაიმეზე დამოკიდებულების შეწყვეტაა ძნელი, ასევე არანაკლებ ძნელია ასეთ მავნებლურ ურთიერთობაზე უარის თქმა. მე ვფიქრობ, როდესაც ადამიანი თვლის, რომ მისთვის ესა თუ ის ურთიერთობა არის მომწამვლელი და მისთვის სიმშვიდე, კომფორტი, პატივისცემა დაკარგულია, იმ დღიდან უნდა უთხრას საკუთარ თავს - „მე შემიძლია შევცვალო ყველაფერი“; „მე მაქვს საკმარისი ძალა და ენერგია, რომ ვიყო უკეთ“. მთავარია, ადამიანს უნდოდეს თავის დაღწევა, სირთულეები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ წინააღმდეგობების გადალახვა კიდევ უფრო გაზრდის, როგორც პიროვნებას.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად