Baby Bag

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მინდა, რომ ადამიანებმა ეს შეცდომა არ დაუშვან,“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

​​იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმ მითების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის შესახებ საზოგადოებაში აქტიურად ვრცელდება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის ეფექტიანობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება:

„რემდესივირის გარდა ჯერ არ გვაქვს არავითარი წამალი, რომელიც გამოიყენება კოვიდ-19-ის დროს და კურნავს პაციენტებს, პრაქტიკულად არ არსებობს. რამდენიმე წამლის შესახებ მომწერეს კიდეც სოციალურ ქსელში. იგივე რიმპაფიცინი შემიძლია დავასახელო, რადგან მინდა, რომ ადამიანებმა ეს შეცდომა არ დაუშვან. ეს არის ყველა ანტიბაქტერიული მოქმედების პრეპარატები, მათ შორის ლევოფლოქსაცინიც საკმაოდ ძლიერი და კარგი პრეპარატია, სწორ პირობებში, სწორ ადგილას გამოყენებისას. თვითნებურად მისი მიღება ძალიან დრამატულ შედეგებს გამოიწვევს. ნებისმიერი მედიკამენტის ექიმის უკითხავად მიღება უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე სარგებლის.“

​ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ნიორი, ბროწეულის წვენი ან ლიმონი ადამიანს კორონავირუსისგან ვერ განკურნავს:

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვრცელდება ინფორმაციები კორონავირუსისგან განკურნების ეფექტიანი საშუალებების შესახებ. ლაპარაკი იყო ნიორზე, ბროწეულის წვენზე და ა.შ. ერთი რამ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ეს პროდუქტები ნამდვილად სასარგებლო პროდუქტებია. ლიმონი არის ციტრუსებს შორის ყველაზე მაღალი ​C ვიტამინის შემცველობის. ნიორიც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არცერთ მათგანს კორონავირუსზე რაიმე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა არ გააჩნია. ეს რომ ასე იყოს, ჩვენ უკვე გვეცოდინებოდა. ავტორიტეტული ორგანიზაციები უკვე მოგვაწვდიდნენ ამის შესახებ ინფორმაციას. მოსახლეობას ამ პროდუქტების გამოყენება ზოგადად ორგანიზმისთვის შეუძლია. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კორონავირუსთან მიმართებაში მათ რაიმე პოზიტიური ზეგავლენა არ გააჩნიათ. რაც ვიცით, რომ ზეგავლენას ახდენს, ეს არის ხელის ჰიგიენა, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.“

​ჩვენ თუ განვიხილავთ სეზონურად არსებულ გრიპის შტამს, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათი სიკვდილობის პროცენტული მაჩვენებელი არ აღემატება 0,1 %-ს. ეს არის 1000 დაავადებული ადამიანიდან 1 გარდაცვალების შემთხვევა. რაც შეეხება კოვიდ-19-ის ინფექციას, აქაც ყველაფერი ნათელია. დღეს დაავადებულია 58 მილიონი ადამიანი და გარდაცვლილია 1 300 000 ადამიანი. ეს, რა თქმა უნდა, ზუსტი რიცხვი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ყველა პაციენტისტვის ანალიზი გაკეთებული და ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. კორონავირუსის სიკვდილობის მაჩვენებელი ყველა ასაკის გათვალისწინებით არის 0,6-დან 1 %-მდე. გრიპისგან განსხვავებით, კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადება 6-10-ჯერ უფრო მეტ ადამიანს იმსხვერპლებს და იწირავს. ეს არის უფრო ვერაგი და ცუდი ვირუსი. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუყუროთ და თვალი გავუსწოროთ,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად