Baby Bag

„ბოსტნეულის წვნიანი სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბოსტნეულის წვნიანი სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვისთვის წვნიანის შეყვარების ხრიკებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„თუ ბავშვი მოხარშულ საკვებს ჭამს ეს ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ საკვები თერმულად კარგად არის დამუშავებული. სამწუხაროდ, ექიმი ვერ გირჩევთ თქვენ, როგორ უნდა მისცეთ ბავშვს წვნიანი, თუ ის არ ჭამს წვნიანს. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, არის ის, რომ თვითონ ბავშვს მიაღებინოთ მონაწილეობა საკვების მომზადების პროცესში. ლამაზად გაუფორმეთ ეს წვნიანი ბავშვს და იქნებ ასეთი ფორმით დააინტერესოთ.

ერთხელ კი ნუ შესთავაზებთ ბავშვს წვნიანს, დაახლოებით ერთ კვირაში ისევ იგივე შესთავაზეთ, მაგრამ თვითონ მიაღებინეთ მონაწილეობა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, უნდა სცადოთ თამაშით დააინტერესოთ წვნიანით. იქნებ ასეთი ფორმით მაინც შეჭამოს. წვნიანი ასეთი განსაკუთრებული რაღაც არ არის. მთავარია, სწორად იყოს კალორაჟი გათვალისწინებული და დღის განმავლობაში რაციონი სწორად იყოს შედგენილი.

რა თქმა უნდა, ბოსტნეულის წვნიანი, ხორცის წვნიანი (წყალი რამდენიმეჯერ უნდა გამოვუცვალოთ ხორცს, რომ პირიქით არ შებეროს), სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიმპტომების კომბინაციის გამოვლენის უნდა ეშინოდეს მშობელს, თუ ბავშვი შეუძლოდაა?

რა სიმპტომების კომბინაციის გამოვლენის უნდა ეშინოდეს მშობელს, თუ ბავშვი შეუძლოდაა?

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის გამოვლენის რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული სინდრომი პატარებში უმეტესად ხუთი წლის შემდეგ ვლინდება:

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი შედარებით მოზრდილ ასაკში უფრო მეტია. ​მცირე ასაკში, პატარა ბავშვებში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ შესაძლებელია გვქონდეს. ეს უფრო მეტად მაინც ხდება ხუთი წლის ზემოთ ასაკში. როდესაც ჩვენ ამ სიმპტომებზე ვსაუბრობთ, ესენია: ცხელება, დიარეა, გამონაყარი, შესაძლებელია მკვეთრად შეშუპებული იყოს ხელი და ფეხის მიდამოები, ღებინება, ტუჩების მიდამოებში და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სილურჯე. ამაზეა საუბარი, როდესაც რაღაც ნიშნების კომპილაცია არის ერთად.“

​მაია ხერხეულიძის თქმით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს სიმპტომთა გარკვეული კომბინაცია უნდა გამოვლინდეს და არა ცალკეული სიმპტომი:

„როდესაც მარტო ერთი ნიშანია მხოლოდ გამოვლენილი,​ არც ცხელება აქვს ბავშვს, არც სხვა ნიშნები, რომლებიც ჩამოვთვალე და არის მარტო ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ნუ ჩათვლით, რომ ეს შეიძლება იყოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სიმპტომი. როგორც ვთქვი, ამ შემთხვევაში სხვადასხვა სისტემა არის ხოლმე ერთად ჩართული. ეს ყველაფერი აუცილებლად ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.“

„შესაძლებელია, ბევრი მიზეზი იყოს დიარეის. შეიძლება ეს იყოს კვებასთან დაკავშირებული. სხვა უამრავი გამომწვევი აქვს დიარეას, მათ შორის, შეიძლება იყოს როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული გამომწვევიც. ამ შემთხვევაში ტემპერატურა გააკონტროლეთ, ​გააკონტროლეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, ხომ არ აქვს მას მეტად ძილიანობა, ხომ არ არის ძალიან აღგზნებული, ხომ შეუძლია, რომ კარგად მიიღოს სითხე და საკვები. თუ ბავშვს ზოგადი მდგომარეობა კარგი აქვს, ჩათვალეთ, რომ ეს არ არის ამ სინდრომის გამოვლინება. ბავშვს უმკურნალეთ ისე, როგორც ვმკურნალობთ დიარეას,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად