Baby Bag

თუ გსურთ, რომ პატარას მაგარი ძვლები, განვითარებული კუნთები და კარგი იმუნიტეტი ჰქონდეს, შეიტანეთ მის საკვებ რაციონში ისპანახი 6-7 თვიდან

თუ გსურთ, რომ პატარას მაგარი ძვლები, განვითარებული კუნთები და კარგი იმუნიტეტი ჰქონდეს, შეიტანეთ მის საკვებ რაციონში ისპანახი 6-7 თვიდან
რატომ არის სასარგებლო ისპანახი და რომელი თვიდან შევთავაზოთ ის პატარებს - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„წარმოიდგინეთ, რომ გადაწყვიტეთ ძალიან სასარგებლო პროდუქტის შექმნა - აიღეთ ბავშვის ზრდისათვის საჭირო ყველა ვიტამინი, მინერალი, ანტიოქსიდანტი, ამინომჟავა და შეაერთეთ. თქვენ ისპანახს მიიღებთ!
აზიური მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული სპარსელთა სუფრიდან აბრემუშიმის დიდი გზით ჯერ ჩინეთში, შემდეგ კი შუა საუკუნეებში ევროპაში მოხვდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო იტალიაში, ფრანგებს მისი სიყვარული იტალიელი ეკატერინე მედიჩისაგან გადაედოთ.
რატომ უნდა გვიყვარდეს ისპანახი:

ის შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს - A, C, B ჯგუფის, E, K ვიტამინები ისპანახში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამასთანავე A ვიტამინის შემცველობით ის მხოლოდ სტაფილოს ჩამოუვარდება.
ისპანახის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი. აღსანიშნავია, რომ 100 გრ ისპანახის მიღებისას რკინის დღიური რაოდენობის ¼ მიიღებთ.
შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს
წარმოადგენს ცილის საუკეთესო წყაროს. ცილების შემცვლეობით მხოლოდ ბარდას ჩამოუვარდება.
შეიცავს ზეაქსანტინს, რაც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
შეიცავს ლუთეინს, რაც მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად.
ისპანახის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, შედეგად, ონკოლოგიური დაავადებებისაგან.
ამიტომ თუ თქვენ გსურთ, რომ პატარას ჰქონდეს მაგარი ძვლები, განვითარებული კუნთები, კარგი იმუნიტეტი, არ ჰქონდეს ანემია, ყაბზობა, აუცილებლად შეიტანეთ მის საკვებ რაციონში ისპანახი 6-7 თვიდან.
რა უნდა გვახსოვდეს ისპანახის მომზადებისას

არ შეინახოთ ისპანახის ფოთლები მაცივარში 2-3 დღეზე მეტხანს
არ ხარშოთ დიდხანს, ამ დროს მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი დაიშლება. საკმარისია ხარშვა 5-7 წუთის მანძილზე, შემდეგ კი გადაავლეთ ცივი წყალი.
თუ ისპანახს სხვა ბოსტნეულთან ერთად ხარშავთ, ის სულ ბოლოს უნდა მოათავსოთ ქვაბში, როცა ბოსტნეული უკვე პრაქტიკულად მოხარშულია.
გაითვალისწინეთ, რომ ისპანახი შეიცავს მჟაუნმჟავას, ამიტომ ამიტომ მისი ნეიტრალიზაციისათვის სჯობს ბოსტნეულის პიურეს რძე დავუმატოთ.
ამავე მიზეზით ისპანახი არ უნდა შესთავაზოთ ბავშვს, რომელსაც შარდში ოქსლატები ანუ მჟაუნმჟავას მარილები აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ ისპანახი აქტიურად ირთავს პესტიციდებს, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ შეიძინოთ ორგანული პროდუქტი“, - წერის პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ხშირად ამბობენ: ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ... ჩემი პასუხი არის: როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„ძალიან ხშირად ამბობენ: ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ... ჩემი პასუხი არის: როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ჭარბწონიანობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

„სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ხდება ხოლმე წონის მატება. ძალიან ხშირად მომმართავენ, ამბობენ: „ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ,“ ჩემი პასუხი არის: „როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ ყველა ასაკს აქვს თავისი მატება და პრინციპები, თუ როგორ მივუდგეთ ამას. ​არის გარკვეული ასაკი, როდესაც კვებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ წონა. გარკვეული ასაკის შემდგომ დგება მომენტი, როდესაც ფიზიკურ აქტივობას აქვს დიდი მნიშვნელობა.“

ლაშა უჩავას თქმით, ორგანიზმში მეტაბოლიზმი ყველაზე აქტიურია 15-35 წლის ასაკში:

„15-დან 35 წლამდე მეტაბოლური პროცესი მიმდინარეობს ყველაზე აქტიურად. ჩვენ თვითონაც მეტად აქტიურები ვართ, ამიტომ ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, თუ ზედმეტ კილოკალორიებს არ ვიღებთ, არ არის საჭირო. ამის ბალანსს აკეთებს ჩვენი ორგანიზმი. 35 წლის ზემოთ 45 წლამდე აუცილებელია ჩაერთოს გარკვეული ფიზიკური აქტივობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ფიტნეს დარბაზებში უნდა ვიაროთ. უბრალოდ ფეხით სიარული, სეირნობა ძალიან დადებით ეფექტებს გვაძლევს​. 45 წლის ზემოთ ფიზიკური დატვირთვა კიდევ მეტად უნდა გააქტიურდეს. ეს არამხოლოდ მეტაბოლურ პროცესებს ააქტიურებს ჩვენს ორგანიზმში, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის. იმისთვის, რომ არ განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიც არის ართროზები და ა.შ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“

„ქალბატონებმა დღის განმავლობაში უნდა მიიღონ დაახლოებით 1500-დან 2200 კილოკალორიამდე, მამაკაცებში ეს არის 1800-დან 2500 კილოკალორიამდე,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად