Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

მერი ტეფნაძე - ლურსმანაშვილი 44 წელია სურამის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი კლასების სპეციალობით. სურამის მე-2 სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა. მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, გაკვეთილი სხვაგან არ ჩამიტარებია.

სულ ვამბობ, სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებ, თუკი მოწოდებით პედაგოგი არ ხარ. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი პროფესია იყო.

ნამდვილმა პედაგოგმა უნდა შეძლოს თავისი მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვება, მათი ოჯახის წევრი უნდა გახდეს. უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის პრობლემა, რა უჭირთ მათ, რა ულხინთ. ეს უნდა მოახერხოს უანგარო სიკეთის კეთებით. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოდის ურთიერთსიყვარულიც.

ჩემი მოსწავლეების იმედი მაქვს, მათ საგნობრივ ცოდნასთან ერთად ყველაფერი ვასწავლე, რაც ვიცოდი: სიყვარული, თანადგომა, ტოლერანტობა, განვუვითარე სამოქალაქო ცნობიერება.

ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ. მზად ვარ, მათ წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი გამოცდილება გავუზიარო, ვასწავლო, როგორ მოიპოვონ ბავშვების ნდობა და სიყვარული.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ფინანსურზე მეტად ამ გადაწყვეტილებას მორალური დატვირთვა აქვს. წინა წლებში ისე წავიდნენ პედაგოგები სკოლიდან, ასეთი მხარდაჭერა და დაფასება არ უგრძნიათ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმისათვის, რომ წარმატებული მასწავლებლები გვყავდეს, მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი უნდა ავწიოთ“ - ბერიკა შუკაკიძე

„იმისათვის, რომ წარმატებული მასწავლებლები გვყავდეს, მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი უნდა ავწიოთ“ - ბერიკა შუკაკიძე
„ყველანი ვთანხმდებით განათლების მნიშვნელობაზე, მაგრამ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თუ გვინდა წარმატებული განათლების სისტემა გვქონდეს, აუცილებელია მასწავლებელი. ჩვენ რომ გვყავდეს წარმატებული მასწავლებლები, უნდა ავწიოთ მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი… ის აქტივობები, რასაც კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ახორციელებს უკვე მესამე წელია, ნამდვილად მისასალმებელია. ეს არის ძალიან კარგი კამპანია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობის ასამაღლებლად. როგორც განათლების მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად დააანონსა, ამას მოყვება მასწავლებლის ხელფასის ზრდა, რაც უფრო მეტ ახალგაზრდას მოიზიდავს ჩვენს სფეროში. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ კონკრეტული პუპულაციის ტოპ 10%-დან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდონ მასწავლებლის პროფესიაში. ამას წარმატებით ახორციელებენ წამყვანი ქვეყნები - ფინეთი, სინგაპური, ნორვეგია და ა.შ. მასწავლებელი ხდება საზოგადოებრივი ლიდერი და მას არა მხოლოდ ერთ საკლასო ოთახში აქვს გავლენა. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას კარგი მომავალი ჰქონდეს, ეს მომავალი გადის მასწავლებლებზე.“


იხილეთ ასევე:

​ბერიკა შუკაკიძე მომავალი წლიდან სიახლეებს აანონსებს​

​საქართველო გახდება მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა​


წაიკითხეთ სრულად