Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

მერი ტეფნაძე - ლურსმანაშვილი 44 წელია სურამის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი კლასების სპეციალობით. სურამის მე-2 სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა. მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, გაკვეთილი სხვაგან არ ჩამიტარებია.

სულ ვამბობ, სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებ, თუკი მოწოდებით პედაგოგი არ ხარ. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი პროფესია იყო.

ნამდვილმა პედაგოგმა უნდა შეძლოს თავისი მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვება, მათი ოჯახის წევრი უნდა გახდეს. უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის პრობლემა, რა უჭირთ მათ, რა ულხინთ. ეს უნდა მოახერხოს უანგარო სიკეთის კეთებით. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოდის ურთიერთსიყვარულიც.

ჩემი მოსწავლეების იმედი მაქვს, მათ საგნობრივ ცოდნასთან ერთად ყველაფერი ვასწავლე, რაც ვიცოდი: სიყვარული, თანადგომა, ტოლერანტობა, განვუვითარე სამოქალაქო ცნობიერება.

ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ. მზად ვარ, მათ წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი გამოცდილება გავუზიარო, ვასწავლო, როგორ მოიპოვონ ბავშვების ნდობა და სიყვარული.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ფინანსურზე მეტად ამ გადაწყვეტილებას მორალური დატვირთვა აქვს. წინა წლებში ისე წავიდნენ პედაგოგები სკოლიდან, ასეთი მხარდაჭერა და დაფასება არ უგრძნიათ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა გაასაჩივროს მასწავლებელმა გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება

როგორ უნდა გაასაჩივროს მასწავლებელმა გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება

​მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების შედეგების აპელაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

მასწავლებლის სახლის ცნობით, გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ამისთვის მასწავლებელმა ცენტრში უნდა წარადგინოს, შევსებული სააპელაციო განაცხადის ფორმა, რომელსაც განიხილავს საპრეტენზიო კომისია. 

აპელაციის საფასური შეადგენს 50 ლარს და თანხა უნდა ჩაირიცხოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე. განსაზღვრული საფასური უკან უბრუნდება მასწავლებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება დადებითი შეფასებით შეიცვლება.

მასწავლებელი უფლებამოსილია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლოში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.

წაიკითხეთ სრულად