Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე“

„ის სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე“

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემდეგ ქალაქებში: თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1-ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. აღნიშნული რეგულაცია უკვე მოქმედებს ქობულეთსა და ბათუმში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ის სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს.

მისივე თქმით, ზემოთჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყება.

„განათლების სისტემა მზად არის სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად. კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულის განმავლობაში საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინტენსიურად ემზადებოდა ე. წ. ჰიბრიდული მოდელისათვის, რაც სასწავლო პროცესის წარმართვას შერეული მეთოდით გულისხმობს. გარდა ამისა, სამინისტროს აქვს გაზაფხულის სემესტრის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართება.

მინისტრის ბრძანებით შექმნილი და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების ​წესი, შესაბამისი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. აღნიშნულის შესახებ ყველა სკოლა ინფორმირებულია.

სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების სკოლებისთვის მიწოდება. მოსწავლეებისათვის გადაცემა კი ეტაპობრივად უკვე დაწყებულია, რასაც თავად სკოლა უწევს ორგანიზებას.

გარდა ამისა, პანდემიის გამო ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ „ტელესკოლის“ ბადის აწყობაზე და გაკვეთილების ჩაწერაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ყველა კლასისა და საგნისათვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისათვის 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი - განათლება“ ეთერით მოსწავლეებითვის პროექტი „ტელესკოლა“ განახლდება.

სამინისტრომ სკოლებისთვის ასევე შექმნა ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეების დასწრებისა და შეფასების ელექტრონულად აღრიცხვას გულისხმობს. ელექტრონული ჟურნალი დისტანციურ სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მივაწოდეთ პედაგოგების სიები და აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის ტესტირება მოხდება.

განათლების სამინისტრომ სრულად უზრუნველყო საჯარო სკოლების ყველა სავალდებულო საჭიროებებით აღჭურვა - მათ შორის, პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით და თერმოსკრინინგის აპარატებით,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წაიკითხეთ სრულად