Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, თუმცა გარკვეული გამოწვევების წინაშე თუ დავდგებით, სხვა სცენარი გვექნება“

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, თუმცა გარკვეული გამოწვევების წინაშე თუ დავდგებით, სხვა სცენარი გვექნება“

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტროსთან ათანხმებს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სკოლებში სწავლა შესაძლოა, პირველ სექტემბერს დაიწყოს, დგებუაძე აცხადებს, რომ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„განათლების სამინისტრომ დაასრულა სასწავლო პროცესი 2019-20 წლის და დაიწყო მუშაობა ახალი სასწავლო წლისთვის მზადებისთვის. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ, ვათანხმებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისად, განათლების სამინისტრო დღეს პროცესში იმყოფება, სხვადასხვა სცენარს ამუშავებს და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. შესაბამისად განათლების სამინისტრო ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“,- განაცხადა დგებუაძემ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა დისტანციური სწავლება სექტემბრიდან, დგებუაძემ უპასუხა, რომ განათლების სამინისტრო სხვადასხვა სცენარს ამუშავებს.

„რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო სხვადასხვანაირ სცენარს ამუშავებს. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. შესაბამისად, პირველი, რაც მნიშვნელოვანია და ჩვენი მიზანია, რომ სასწავლო პროცესი დაიწყოს და მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს. თუ გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდგებით, ჩვენ სხვადასხვა ვერსია გვექნება, რომელსაც მოსწავლეებს შევთავაზებთ“,- განაცხადა ეკა დგებუაძემ და დასძინა, რომ სწავლის დაწყების თარიღთან დკაავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ და საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად