Baby Bag

,,უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით ,,დამსახურებულად" ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს''

,,უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით ,,დამსახურებულად" ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს''

მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:

„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“

„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“

„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“

„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“

„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“

„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“

„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“

„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“

„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“

„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“

„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“

„ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად უნდა მიიღოს და არა ნაცნობობი...
„ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა არის ის, რომ ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად მიიღოს და არა ნაცნობობით​,“ - ასე გამოეხმაურა Momsedu.ge-სთან საუბრისას მასწავლებელთა პროფ...

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, შესაბამისად გაჩნდა ბევრი კითხვა სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მომზადდა შემდეგი რეკომენდაციები.

გთავაზობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის რეკომენდაციებს:

მთავარი ამოცანა

ამ პერიოდში განათლების სისტემისთვის პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და მოსწავლეთა საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება. მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლება განხორციელდეს არა სოციალური ქსელების, არამედ ისეთი საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო არხების გამოყენებით, რომლებითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი მოსწავლეების უსაფრთხოება. დისტანციური კომუნიკაციის/სწავლების ფორმა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ მოსწავლეთა სრული ან ხანგრძლივი მოწყვეტა სასწავლო საქმიანობისგან და მასწავლებლებისთვისა და მოსწავლეებისთვის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდეს სასწავლო პროცესის განახლება.

დისტანციური გაკვეთილები

აღვნიშნავთ, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი სრულად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს (დღეში 4-6 საათიან განრიგს), მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას, საგაკვეთილო პროცესს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ინტერაქციას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სასურველია, 20-20 წუთიანი გაკვეთილები ჩაუტარდეთ დღის განმავლობაში მაქსიმუმ ორჯერ. ამგვარი დისტანციური გაკვეთილების რაოდენობა საორიენტაციოდ ჯამში არ უნდა აღემატებოდეს კვირაში ხუთ-ექვსს. რაც შეეხება უფროსკლასელებს, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა თვითონ გაკვეთილების სტრუქტურასა და ფორმატზეა დამოკიდებული. დისტანციური გაკვეთილების დროს, ძირითადად ყურადღება უნდა ეთმობოდეს სახლის პირობებში დავალებების შესრულებისას შეძენილი ცოდნა-გამოცდილებათა გაზიარებას. ამის უზრუნველსაყოფად მოსწავლეებს სათანადო დავალებები უნდა მიეცეთ. გთავაზობთ გარკვეულ რეკომენდაციებს:

● მნიშვნელოვანია, რომ დავალება მოტივაციას უმაღლებდეს მოსწავლეს. აუცილებელია, სწავლის პროცესი დავუკავშიროთ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროს. ამ უმნიშვნელოვანესი პედაგოგიური პრინციპიდან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ კონკრეტული საგნობრივი საკითხი ან საკითხები მოსწავლის გამოცდილების სფეროებს, მათთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ კონტექსტს, რათა შევძლოთ მოსწავლისათვის მიმზიდველი დავალების პირობის შექმნა. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: დაწყებით საფეხურზე, ბუნებისმეტყველების ისეთ ცნებაზე სამუშაოდ, როგორიცაა „სხეულის აგებულება და დანიშნულება“, შესაძლებელია მოსწავლეს ვთხოვოთ, აირჩიოს სახლის ნივთებიდან სამი-ოთხი და შეადგინოს კატალოგი - დახატოს ეს ნივთები და თითოეულს ქვემოთ მიუწეროს, რა ნაწილებისგან შედგება, რა ნივთიერებისგან არის დამზადებული. კატალოგის წარდგენისას მოსწავლეები იმსჯელებენ, რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ნივთის ფუნქციონირებისათვის/გამოყენებისათვის მის ნაწილებს და რატომ არის ისინი დამზადებული ამა თუ იმ ნივთიერებისგან. დარწმუნებული ვართ, თუ ამ მიმართულებით დაიწყებენ მასწავლებლები ფიქრს, ისინი უამრავ საინტერესო დავალებას შესთავაზებენ სახლებში მყოფ მოსწავლეებს ამ თუ იმ საგნობრივი ცნებისა თუ საკითხის დასამუშავებლად.

● როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში ვნახეთ, დავალება კონკრეტული პროდუქტის შექმნას გულისხმობს. ამდენად, იგი შეესაბამება „კეთებით სწავლის“, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნების უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელსაც გამოხატავს ჩინური გამონათქვამი: „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“. ამ პრინციპის დაცვას მოითხოვდა დიმიტრი უზნაძეც, რომელიც ამბობდა: „რაც ჩვენთვის პრაქტიკულად არაა მოცემული, მისი გაცნობიერების შესახებ ზედმეტია ლაპარაკი“. აქედან გამომდინარე, დავალების პირობა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას. გარდა ამისა, მოზარდებისათვის (ისევე როგორც ზრდასრულებისთვის) პროდუქტის შექმნა წარმოადგენს მიმზიდველ, მამოტივირებელ საქმიანობას, რომელიც მათ თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. სოციალიზაციისა და სოლიდარობის განცდის გასაძლიერებლად სასურველია, რომ მოსწავლეებს შევთავაზოთ საერთო, კოლექტიური პროდუქტების შექმნაც (მაგ., ამბის შეთხზვა კონკრეტულ თემაზე და გაფორმება). ცხადია, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომია სათანადო ციფრული რესურსები.

● როგორი და რა შინაარსის უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილები? დისტანციური გაკვეთილები, უფრო ზუსტად კი, დისტანციური შეხვედრები უნდა ეძღვნებოდეს მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების წარმოდგენას და ჩატარებულ სამუშაოთა გასიტყვებას. კერძოდ, ამ შეხვედრებზე მოსწავლეები აღწერენ და განმარტავენ, რა და როგორ გააკეთეს, რა დასკვნები გამოიტანეს, რა გაუძნელდათ ან გაუადვილდათ. მასწავლებელი ფასილიტაციას გაუწევს ნამუშევრების შესრულების დროს წამოჭრილ საგნობრივ საკითხებსა თუ პრობლემებზე მსჯელობას.

● ამის შესაბამისად, დისტანციური სწავლების პროცესი ამგვარ სახეს მიიღებს: მოსწავლეები ამა თუ იმ არხით მიიღებენ ისეთ დავალებას, რომელიც უკავშირდება მათი ცოდნა-გამოცდილების სფეროს და მოითხოვს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზით კონკრეტული საგნობრივი საკითხის დამუშავებას. წინასწარ დანიშნულ დროს, მასწავლებლის მიერ ორგანიზებული დისტანციური შეხვედრისას, მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ ნამუშევრებს, მასწავლებელი კი ხელს შეუწყობს პრაქტიკულ ცოდნათა გასიტყვებისა და საკითხთა გაგება-გაცნობიერების პროცესებს გეზის მიმცემი შეკითხვების დასმით.

● მოცემულ პერიოდში დაუშვებელია ნიშნების წერა, განმსაზღვრელი შეფასებების ჩატარება. დისტანციური შეხვედრები ორიენტირებული უნდა იყოს სწავლისა და გაგების პროცესების მხარდაჭერაზე, მოსწავლეთა დახმარებასა და დაკვალიანებაზე; მათი მონდომების დაფასებაზე, ასევე სოციალიზაციისა და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაზე.

● პრიორიტეტული ადგილი უნდა მიენიჭოს ისეთ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს ეკრანებთან ხანგრძლივად ყოფნას - სახლებში „გამოკეტილი“ მოზარდები ისედაც ზედმეტ დროს ატარებენ ეკრანთან.

მშობლებთან კომუნიკაცია

● ამ ისედაც სტრესულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს არ შევუქმნათ დამატებითი სირთულეები. ისინი უნდა დავამშვიდოთ და ავუხსნათ, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმდინარე დისტანციური სწავლება არსებითად მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. არავის მოეთხოვება პასუხი შეუსრულებელი დავალების გამო - ვისაც როგორ შეუძლია, ისე ჩაერთვება ამ პროცესებში.

● მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება. ამიტომ უნდა შევარჩიოთ და ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით გავუგზავნოთ თუ მივაწოდოთ მოსწავლეებს იმ ტიპის შემეცნებითი-შემოქმედებითი დავალებები, რომელთა შესრულებასაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ სახლის პირობებში, აგრეთვე ისეთი დავალებები, რომლებიც მინიმალურ ახსნა-განმარტებებს საჭიროებს. გარდა ამისა, მოსწავლეებს უნდა მივცეთ ნათელი, მკაფიო დამხმარე მასალა და ინსტრუქციები, რათა მათ ადვილად გაიგონ, რას მოითხოვს დავალება. არ უნდა დავივიწყოთ ასევე დამხმარე საშუალებები (სანიმუშო მაგალითები, სახელმძღვანელოს კონკრეტული პარაგრაფიან გვერდი და სხვ.).

● ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობლების მიერ დასმულ კითხვებს, აუცილებლად დავამყაროთ მათთან უკუკავშირი და ნათლად ავუხსნათ, როგორი ფორმით ვმუშაობთ მათ შვილებთან.

● შესაძლებელია, მშობლებს კვირის განმავლობაში შესასრულებელი დავალებების განრიგის შედგენაში დავეხმაროთ.

● ასევე მშობლებს შევახსენოთ, რომ ცოდნათა განტკიცება-გამდიდრებას ხელს უწყობს საოჯახო აქტივობებიც და მივაწოდოთ მათ იდეები (საინტერესო და ყოველდღიურობაში ადვილად განსახორციელებელ იდეებს სთავაზობს მშობლებს Gpried-ის პროექტი. იხ. kargiskola.ge).

* შენიშვნა: სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი ამზადებს რესურსების ნაკრებს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები, დავალებათა ნიმუშები და მეთოდიკური გზამკვლევი.

წაიკითხეთ სრულად