მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“
„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“
„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“
„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“
„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“
„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“
„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“
„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“
„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“
„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“
„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“
რას ნიშნავს განათლების ელექტრონული სახლი და რა ფუნქცია ეკისრება? - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე
რას ნიშნავს განათლების ელექტრონული სახლი და რა ფუნქცია ეკისრება? - აღნიშულ კითხვას მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა.
მისი თქმით, მასწავლებლებმა თანამედროვე გამოწვევებს რომ უპასუხონ, ამისთვის მასწავლებლის სახლმა სრულიად ახალი კონცეფცია შეიმუშავა და ის მალე გადავა განათლების ელექტრონულ სახლზე:
,,განათლების ელექტრონული სახლი გააერთიანებს დირექტორის ეროვნულ სკოლას, მასწავლებლის ეროვნულ სკოლას და, პირველად, მშობლის ეროვნულ სკოლას. ჩვენ შევქმნით ტრენინგ მოდულებს, ვებინარებს, ფორუმებს, სასწავლო რესურსებს, ინტეგრირებულ გაკვეთლებს და გადავამზადებთ მასწავლებელს, მშობელს და დირექტორს სხვადასხვა მიმართულებით. აქცენტები გაკეთდება გამჭოლ კომპეტენციებზე და მასწავლებლისთვის ეს იქნება საგანი და დიდაქტიკა, ხოლო დირექტორებისთვის – ზოგადი მენეჯმენტი და საგანმანათლებლო ლიდერის მიმართულება; მშობლებისთვის კი – სწავლის მეთოდები, სტრატეგიები, ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგია და სხვ.; დამატებით გამჭოლ კომპეტენციებად – სპეციალური განათლება, ისტი, კვლევა, მდგრადი განვითარება და ა.შ. მართალია, ეს იქნება პლატფორმა, მაგრამ ჩამოთვლილი მიმართულებების მიხედვით, მასწავლებელთა სახლში შეიქმნება 7-10-კაციანი ჯგუფები, რომლებიც, სემესტრში ერთხელ მაინც, მოივლიან მთელ საქართველოს და შეხვდებიან მასწავლებლებს. ჩავლენ ცაგერში, ჩხოროწყუში, შეხვდებიან მასწავლებლებს და იმის გაგებაში დაეხმარებიან, რაც ვებინარზე ვერ გაიგეს. მათ კი, ვინცც ვერ შემოვიდა ფორუმზე, ვერ დაესწრო ვებინარს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩანაწერი ნახონ მაშინ, როცა მოესურვებათ. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ მასწავლებლებს მხოლოდ პლატფორმის ამარა არ დავტოვებთ. რაც მთავარია, ეს რესურსები მუდმივად განახლებადი და განვრცობადი იქნება. აქაც გავიმეორებ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის სახლი გააკეთებს. ჩვენი მთავარი მიზანია, მთელი ქვეყნის რესურსი იყოს ჩართული და გამოყენებული იმის კეთებაში, რითაც მასწავლებლებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ გვინდა ორგანიზება გავუწიოთ მასწავლებლებისა და დირექტორების მუდმივი განვითარების პროცესს და მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესებში.
პროექტის წინასწარი მონახაზი წარვუდგინეთ გაეროს ბავშვთა ფონდს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს, მაიკროსოფტს. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მათ ამ პლატფორმის შექმნაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. აუცილებლად წარვუდგენთ usaid-საც და იმედია, ერთობლივად, ამ ჩანაფიქრის განხორციელებას შევძლებთ,'' - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.