მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“
„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“
„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“
„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“
„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“
„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“
„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“
„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“
„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“
„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“
„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“
„ამ თაობისთვის ესეც პრობლემაა, ბავშვი შორდება დედასაც, მამასაც. იქნებ უფრო მეტი დრო დავუთმოთ ურთიერთობებს,“ - რუსუდან აბრამიძე
ფილოლოგი რუსუდან აბრამიძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ თანამედროვე დედებისა და შვილების ურთიერთობების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, დედა კვლავ რჩება ბავშვის მთავარ გულშემატკივრად, თუმცა აღზრდის ფუნქცია სკოლაზეც არის გადანაწილებული:
„ტექნიკურმა განვითარებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ქალის როლიც შეიცვალა სასიკეთოდ, ერთის მხრივ. ქალი სოციალურად აქტიური გახდა და ძალიან კარგია, რომ ის აბსოლუტურად ყველა სფეროში წარმატებულია. შვილების გადასახედიდან, ეს ძალიან რთულად აისახა თვითონ შვილების ცხოვრებაზე. დედაზე დიდი გულშემატკივარი დღესაც არ ჰყავს ბავშვს, ეს ცხადია, დედაზე დიდი კეთილისმსურველი მას არ ჰყავს. ილია რომ ქართლის დედას ავალებს: „ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული,“ - დღეს ეს მისია ქართლის დედასთან ერთად სკოლასაც აქვს გადანაწილებული. დღეს ამ თაობისთვის ესეც პრობლემაა. ბავშვი შორდება დედასაც, მამასაც. პანდემიის დროს რამდენი გამოხმაურება იყო, რომ ოჯახები გამთლიანდა, ბედნიერები არიან, უყურებენ დედას, მამას, ერთად იყრის ოჯახი თავს, სადილის ტრადიცია აღდგა. რაღაცები იქნებ გადავაფასოთ ადამიანებმა, იქნებ უფრო მეტი დრო დავუთმოთ ურთიერთობებს. იქნებ სხვანაირად გადავანაწილოთ დრო და საკუთარი თავი, ეს ძალიან დიდი დილემაა.“
რუსუდან აბრამიძე აღნიშნავს, რომ თანამედროვე პედაგოგებს საზოგადოებისგან ყურადღება და დაფასება აკლიათ:
„მასწავლებელს დღეს ყველაზე მეტად აკლია საზოგადოების ყურადღება. თითქოს მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, ყველამ იცის, რომ სკოლა არის მომავლის სამჭედლო, სკოლა ზრდის თაობას, მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მასწავლებელს და სკოლას აკლია საზოგადოების რეალური ყურადღება. მასწავლებელს აკლია თანამდგომი. სკოლა საზოგადოების გარეშე თაობას ვერ გაზრდის. სკოლა უზარმაზარი მისიის მატარებელია, მაგრამ მას მხარს უნდა უბამდეს საზოგადოებაც. როდესაც სკოლას აქვს რაღაც ღირებულებები, შრომობს, ზრდის თაობას, მაგრამ რეალური ცხოვრება აბსოლუტურად არ ესადაგება იმ იდეალებს, რაზეც წარმატებული სკოლა მუშაობს, მაშინ სკოლის საქმეც ფუჭდება. მე ვფიქრობ, რომ სკოლის და მომავალი თაობის კეთილდღეობა მთლიანად საზოგადოების საფიქრალია. მე ვთვლი, რომ საქართველოში პედაგოგის პროფესია ჯერ კიდევ არ არის პრესტიჟული, დაფასებული.“
„აღზარდო ადამიანი, გქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ პიროვნება აღზარდო, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა იმ პიროვნების წინაშე, რომელსაც ზრდი და საზოგადოების და ქვეყნის წინაშე. ჩემი იდეალი არის გავზარდო თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში იპოვის თავის ადგილს. თუ შევძლებ, რომ რამდენიმე მოსწავლეს მაინც ვაპოვნინო თავისი თავი ამ სამყაროში, მე ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მე ისეთ საგანს ვასწავლი, რომ ეს ჩემთვის შედარებით ადვილია,“ - აცხადებს რუსუდან აბრამიძე.