„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ქართველი პედაგოგებისათვის ტრენერთა ტრენინგები ჩატარდა
13-17 იანვარს ბრიტანელმა ექსპერტმა და ტრენერმა, ქრის ქელიმ, ქართველი პედაგოგებისათვის ჩაატარა ტრენერთა ტრენინგები, რომელიც სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.
პროექტი სახელწოდებით „სწავლება წარმატებისთვის, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა“ ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით 2019 წლის სექტემბერიდან ხორციელდება.
პროექტის მიზანია თემატური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის გამოყენებით.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინგლისური ენის კომპეტენციების გაუმჯობესებას, მათ ინფორმირებულობას გლობალურ საკითხებზე და ახალგაზრდებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მასწავლებლებს კი ექნებათ წვდომა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და შეძლებენ გააუმჯობესონ ინგლისურის სწავლა-სწავლების ხარისხი.