„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ჩატარდება თუ არა მასწავლებელთა გამოცდები 2020 წელს?
კიდევ როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
„მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის გავლა, სავარაუდოდ, მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ტესტირება კი ზაფხულში ჩატარდება,“ - აღნიშნეს naec-ში.
ვისთვის ჩატარდება საგნის გამოცდა და შეიცვლება თუ არა შინაარსობრივად? - პედაგოგთა ზაფხულში ორგანიზებულ გამოცდასთან დაკავშირებულ „ახალი განათლების“ აღნიშნულ კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა უპასუხა.
„ეს იქნება ჩვეულებრივი საგნის გამოცდა, ისეთივე, რა ფორმატსაც არიან მიჩვეულები, არც შინაარსობრივად შეიცვლება რამე ტესტში. საგნის გამოცდა ჩატარდება მათთვის, ვისაც სურს მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება და შესაბამისად, ბარიერი ყველასთვის ერთი იქნება და აღარ იარსებებს ნაწილობრივი კრედიტქულები - 1, 4, 7 კრედიტი. ბარიერი ყველასთვის ერთია, მნიშვნელობა არ აქვს ყოფილი პრაქტიკოსია თუ სრულიად ახალბედა, ისინი თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან, როგორც პროფესიაში შემსვლელი ადამიანები. კონკრეტულად, რამდენ პროცენტიანი ბარიერი იქნება, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება გამოცდას, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლადაა განკუთვნილი, განსხვავებული იქნება შინაარსობრივადაც და ფორმატითაც - ეს იქნება წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მოპოვების მსურველების კომპლექსური შეფასება. “