„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ“
„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღონისძიებები იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი შემდგომი ღონისძიება, ქმედება, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები, ამიტომ, ნორმალური ცხოვრების პირობებში გავრცელება რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად - დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან განაგრძობენ. ფოთსა და გორში კი ყველა კლასის (1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისთვის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.