Baby Bag

„ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას“

„ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას“

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით სერფიტიკატებს, რომლითაც მასწავლებლები და მოსწავლეები 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისთვის ჯილდოვდებიან. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ნაწილი ერთმანეთს ულოცავს წარმატებას, ზოგისთვის კი ეს ჟესტი სხვისი ქილიკის საგანი გახდა. სოფელ ძმუისის (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მასწავლებელი მარიტა გოტიაშვილი ერთ-ერთია, ვინც ამ ფაქტს გამოეხმაურა. გთავაზობთ მის მოსაზრებას:

„ეს არის ჩემი პოსტი-პროტესტი ყველა გამქილიკებლისა და სარკასტისთვის:

ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას. ზოგადად, ძალიან დიდი ეფექტი აქვს პოზიტიურ მიდგომას: როდესაც ადამიანს ვაქებთ, მასში კარგ თვისებებს ვაძლიერებთ. როდესაც დავცინით, ადამიანს ვთრგუნავთ და ყველაფრის ხალისს ვუკარგავთ.
ფეისბუქი არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ტკივილსა და სიხარულს ვუზიარებთ. თუ სიხარულის გაზიარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, ნუ ჩაგვაშხამებთ მაინც.
არ გიფიქრიათ, იქნებ იმსახურებენ ეს ადამიანები?! იქნებ იშრომეს და თავინთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნეს? ნუთუ ასეთი დაუჯერებელია, რომ ვიღაც კარგია... ვიღაც ძალიან კარგია... ვიღაც უკეთესიცაა.
(დავესესხები კახი კავსაძეს და) არასოდეს არავისი არაფერი შეგშურდეთ!!!
რა არის ცუდი ჯანსაღ კონკურენციაში? რატომ ირჩევთ ყოველთვის დაცინვას, თავში მუშტის ჩარტყმას და დამცირებას?
ვინ მოგცათ სხვისი დამცირების, სიხარულის ჩამწარების და დაცინვის უფლება? თქვენ რომ იგივე გითხრან, რასაც სხვას ეუბნებით, მოგეწონებოდათ?
და კიდევ, უამრავი ინგლისურენოვანი საიტი არსებობს, სადაც შეგიძლიათ სურვილისამებრ შეავსოთ სერტიფიკატის შინაარსი. სერტიფიკატებს ამით არაფერი აკლდებათ. სულაც არ უბრალოვდებიან იმიტომ, რომ გვაქვს ლიცენზიები, აკრედიტაციები და ა.შ.
გთხოვთ, შეეშვით კიბერ-ბულინგს, სხვისი შრომის და მონდომების დაკნინებას და ფეხქვეშ გათელვას.
ყველა მასწავლებელი და ყველა მოსწავლე იმსახურებს მადლობას! აღიარებას! დაფასებას! წახალისებას!
დაცინვით, დამცირებით და ლანღვით საქმე კარგად არასოდეს გაკეთებულა და არც გაკეთდება,“ - წერს მასწავლებელი მარიტა გოტიაშვილი.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარ​ო“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია - დეტალები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს. საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინ კონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, პასუხი ყველა კითხვაზე მიიღონ. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

➡ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

➡ ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;

➡ მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის, ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს. პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად