განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებია. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 10 თებერვალს გამოქვეყნდა.
ცვლილების თანახმად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ III თავის – „მასწავლებლის პროფესიული განვითარების“ ქვეთავის – „მასწავლებლის სტატუსების“ შემდგომ დაემატა შემდეგი შინაარსის ქვეთავი:
„მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი
მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება ზემოთ მითითებული საგნებიდან (გარდა იმ საგნისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი) ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება ან დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა.
მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:
ა) მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.
საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე“, - წერია მთავრობის დადგენილებაში.