განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესი იწყება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან, ტესტირება და გასაუბრება. სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.
„სერტიფიცირების შედეგად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული და ღირსეული კადრების მოზიდვა იგეგმება. დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, კონკურსანტებისთვის კეთილგანწყობილი და თანაბარი პირობების შექმნა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.
ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა.
ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებიის ცნობით, ტესტირების ჩატარებამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარ განთავსდება:
ტესტირების ჩატარების განრიგი; • ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ - დავალებათა ტიპები და რაოდენობა; • მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა.