Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ ეტაპზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა არ იგეგმება

ამ ეტაპზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა არ იგეგმება

„ამ ეტაპზე ​ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი“, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას, - იგეგმება თუ არა სააღდგომოდ ქვეყნის ჩაკეტვა?

მინისტრის მოადგილის თქმით,  ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ამასთან თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა:

„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი. შემთხვევების მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ადგილზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია. ამისი მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება, ასევე ნიღბებისა და ყველა იმ წესების გამოყენება, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. ამ ეტაპზე, ჩვენ ვცდილობთ ლოკალიზაცია მოხდეს ამ გზებით. შემდეგ როგორც განვითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ესკალაციის შესაძლებლობა ეპიდემიას რომ მივცეთ, არის სრულიად დაუშვებელი.

ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც,  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ  მაქსიმალურად სწარაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე ძალიან რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად