საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.
2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.
ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.
კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა.
მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების ჯგუფი“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და გაწევრიანდით ჯგუფში - „მასწავლებლების ჯგუფი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სკოლაში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს მიდგომა სასწავლო პროცესის მიმართ და აღნიშნა, რომ ახალ მიდგომებთან ერთად სასწავლო პროცესში ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტექნოლოგიების შეტანა:
„ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვითონ კლასში და ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ანალიტიკური უნარები, ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირება, გუნდურობა, კრეტიულობა. დღეს მართალც შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ 150 სკოლაში, ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ იმ გეგმებს, რომელთაც ამ ტრიბუნიდან რამდენიმე თვის წინ დაგპირდით. 2022 წელს ახალი სასწავლო მიდგომა დედაქალაქისა და რეგიონის ყველა სკოლაში დაინერგება,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა სკოლების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვის მნიშვნელობასაც: „მოხარული ვართ, რომ ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. ეს იქნება არა ნეთბუკები, არამედ სრულყოფილი კომპიუტერები, რომლებითაც ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპიუტერებში ოფიციალურად იქნება დაინტეგრირებული ყველა ლიცენზირებული პროგრამა, როგორიც არის მაიკროსოფტი და ბევრი სხვა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სკოლების WIFI-ით უზრუნველსაყოფად, რადგან წარმოუდგენელია დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე ინტერნეტის გარეშე. წლევანდელ წელს მართლაც უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით და სკოლების მეოთხედი ფაქტიურად გადაფარული გვაქვს უკაბელო ინტერნეტით. ვფიქრობთ, ამ სამუშაოს ორი წლის განმავლობაში მთლიანად დავასრულებთ და ყველა სკოლა იქნება უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ინტერნეტით.“