საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.
2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.
ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.
კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა.
მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების ჯგუფი“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და გაწევრიანდით ჯგუფში - „მასწავლებლების ჯგუფი.
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა. უწყების ცნობით, განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს - ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ.
„ამ ფორმით სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის შედეგად, ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები შემოვიდნენ,“ - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დაამტკიცდა:
ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.
პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.
იმ შემთხვევაში, თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი ერთზე მეტ საჯარო სკოლაში ასწავლის, ფულადი ჯილდოს აღების მიზნით ვალდებულია შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს ყველა საჯარო სკოლასთან. ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო გამოითვლება თითოეულ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
ფულადი ჯილდოს ოდენობა შეადგენს ბოლო 3 თვის განმავლობაში პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლს.
იმ მასწავლებელს, რომელსაც 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე შეჩერებული აქვს შრომითი ურთიერთობა, ფულადი ჯილდო მიეცემა ნამუშევარი ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლის ოდენობით.
ფულადი ჯილდოს ოდენობა დაანგარიშდება პრაქტიკოსი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსა და მასზე გათვალისწინებული დანამატების მიხედვით.
თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში კვლავ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები) და დააბრუნოს ფულადი ჯილდო სრული ოდენობით.
ხოლო თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ასევე, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).
ფულადი ჯილდოს გაცემა 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.
2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საჯარო სკოლებიდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჯილდოს მიღების სურვილი 1594 სკოლის 5600-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოხატა.
განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი:
იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად.
ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).
ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნის შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.