Baby Bag

​მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ხელოვანია

​მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ხელოვანია

ყველა მასწავლებელს აქვს განსხვავებული სწავლების სტილი, ისევე, როგორც მხატვარს ხატვის, რეჟისორს ფილმის გადაღების, მწერალს ამბის გადმოცემის, მუსიკოსს მელოდიის შექმნის. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროფესია იმაზე უფრო მეტად ენათესავება ხელოვნების სფეროს, ვიდრე წარმოგვიდგენია. როგორც ყველა ხელოვანი, ჩვენც საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს ვწვრთნით, მაგრამ რამდენად შევძლებდით ამას თავისუფალი ნების გარეშე, თავისუფალი სიტყვის და ქცევის გარეშე? ჩვენი გამოცდილება ხომ ჩვენი ფუნჯია, რომელმაც რაღაც უნდა შექმნას, რაღაც ისეთი, რაც მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი გახდება. იმისთვის რომ ხელოვანი გახდე, მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი, გამბედაობა და საკუთრი იდენტობით მოქმედებაა საჭირო მასწავლებლის შემთხვევაშიც. 

ნებისმიერ პროფესიაში თუ გინდა წარმატებული იყო, პირველ რიგში, შენ უნდა იყო შენ, თუნდაც არასრულყოფილი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სოციალური როლების მორგებას ეს გასაგებია, რადგან ადამიანი სოციალურ ცხოველია, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვან საკითხს ვაწყდებით, როლი, რომელიც მოვირგეთ საფრთხეს ხომ არ უქმნის ჩვენს იდენტობას? რამდენი პროცენტით ვარ მე მე?

მასწავლებლები ხშირად იკარგებიან საკუთარ სწავლების სტილში მკაცრი, მზრუნველი, მეგობრული, განსხვავებული, უხეში, გულგრილი... უამრავი ტიპის მასწავლებელს შევხვედრილვართ, ბევრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც გვქონდა, თუმცა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მათი გულწრფელობა. ისინი ხომ ისე გვასწავლიდნენ როგორც ახალ ხასიათს და მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო შეიძლება ყოფილიყო, ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი მათ გულწრფელობაში. ალბათ, სწორედ ამიტომ ვირჩევთ ამ პროფესიას, ის ხომ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი იდენტობით ვიმუშაოთ, ვიყოთ შემოქმედები და ისეთები, როგორიც ვართ. ხშირად გაბატონებულ წარმოდგენებს უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე საკუთარი თავისუფალი ნების არსს. ხომ გვინახავს ისეთი მასწავლებლებიც სკოლის კართან რომ ტოვებენ საკუთარ პიროვნებას და სრულიად სხვა ადამინები ხდებიან სასწავლო დღის დასრულებამდე. ალბათ, სწორედ ამიტომ იწყება პროფესიული კრიზისიც, თუმცა არც ესაა პრობლემა. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს უკეთესი, მაგრამ არა სრულყოფილი. ხშირად საჭიროა, საკუთარ თავს შევახსენოთ, ვინ ვართ, მხოლოდ ასე შევძლებთ, ვუპასუხოთ ჩვენს მოლოდინებს, შეიძლება, დეპრესიაც გვქონდეს, თავი ცუდად ვიგრძნოთ, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვანები ვართ, კრეატიული და ყველაზე თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები. ყველაფერი კი, რაც ჩვენს თავს ხდება, გამოცდილებაა, გამოცდილება, რომელიც მთავარი იარაღია საჭირო საქმის საკეთებლად.

ავტორი: სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მზეო შველიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი ნოემბრიდან განათლების სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას

1-ლი ნოემბრიდან განათლების სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას

რეფორმის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წელს გრძელდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, ეს არის სწავლა სწავლების პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება, სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნება და სასკოლო კულტურის განვითარება.

რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დანერგვის პროცესში სასკოლო საზოგადოების დასახმარებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობა ახალი ტიპის რესურსზე დაიწყო. აღნიშნული რესურსი გულისხმობს ვიდეოგზამკვლევების მომზადებას, რომელიც დაფუძნებულია გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე. ამ რესურსის გამოყენებით მასწავლებლებმა უნდა შეძლონ სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარმართვა. ვიდეოგზამკვლევების იქმნება ყველა საგანში და მოიცავს როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურის ყველა კლასს. (გზამკვლევებზე წვდომის მისაღებად, გამოიყენეთ აღნიშნული ბმული: https://www.youtube.com) სამინისტრო უკუკავშირს ელოდება სკოლებიდან, რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი თემების მომზადებისას. [email protected]

დრაივის ონლაინ საქაღალდე საგნობრივი მიმართულებით: https://emis188-my.sharepoint.com/

იმისათვის, რომ ეს პროცესი მიზანმიმართულად და სასკოლო საზოგადოების წევრებზე ორიენტირებულად წარიმართოს, ყველა სკოლასთან მიმაგრებულიები არიან ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორები, რომლებიც დანერგვის პროცესში სკოლის საჭიროებებს იკვლევენ და აცნობენ სამინისტროს. (ეფექტური კომუნიკაციისთვის ყველა რაიონში კოორდინატორების მიერ შექმნილია თიმსისა და ფეისბუქის სამუშაო ჯგუფები, მათი დახმარებით სკოლებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და გამოკვეთონ საჭიროებები, რა ტიპის დახმარება სჭირდებათ ესგ-ს დანერგვის პროცესში).

წაიკითხეთ სრულად