Baby Bag

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ბავშვის სქესის წინასწარი დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდები მედიცინაში არ არსებობს:

„ბავშვის სქესს განსაზღვრავს მამაკაცი. ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრის არც უსაფრთხო და არც ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს. ეს არის მითი. სისხლის განახლების მეთოდით სქესის დადგენის მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მეთოდი არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ეს, რა თქმა უნდა, ხალხში გავრცელებული მითია, თუმცა რაღაც ლოგიკა შიგნით შეიძლება იყოს. რაღაც დამთხვევები არსებობს.“

დავით გაგუას თქმით, ფოლიკულის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როდის არის განაყოფიერება შესაძლებელი:

„ფოლიკულის მონიტორინგი ხდება სამედიცინო თვალსაზრისითაც, როდესაც უშვილობასთან გვაქვს საქმე, ან არ ვიცით, როდის არის ოვულაცია. ფოლიკულის მონიტორინგს აქვს ზუსტად ეს მნიშვნელობა, რომ დადგინდეს, როდის იქნება განაყოფიერების შესაძლებლობა.“

„სქესი ყალიბდება ჩასახვისთანავე. უკვე განპირობებულია, რომელი სქესის ახალშობილი იქნება. 6-7 კვირაზე ყალიბდება საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირა. ეს არის, როდესაც ხდება შიდა და გარე გენიტალიების ჩამოყალიბება. 11-12 კვირაზე ცდომილება ძალიან დიდია. სქესის განსაზღვრა ზუსტად შეიძლება 16 კვირის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაშაქრული ხახვის, ალოეს წვენის, გაცხელებული სპირტისა და მარილის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“ - ინტერვიუ ოტო–რინო–ლარინგოლოგ ბერდია ბერიძესთან

„დაშაქრული ხახვის, ალოეს წვენის, გაცხელებული სპირტისა და მარილის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“ - ინტერვიუ ოტო–რინო–ლარინგოლოგ ბერდია ბერიძესთან

გახშირებული ყელის ტკივილი და მისგან გამომდინარე სიცხე, ყურის ანთება, გლანდების ოპერაცია - ამ და სხვა საინტერესო და აქტუალურ თემებზე ​MomsEdu​.ge-ს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტო–რინო–ლარინგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ბერდია ბერიძე ესაუბრა. 

- ვირუსების სეზონია და გამომდინარე აქედან აქტუალური საკითხია ბავშვებში გახშირებული ყელის ტკივილი და მისგან გამომდინარე სიცხე, ყურის ანთება... რა რჩევებს მისცემთ მშობლებს პრევენციისთვის?

- ნამდვილად საყურადღებო პერიოდია. პრევენციისთვის ყველაზე კარგია ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საუკეთესო საშულებაა - აცრების ჩატარება.(ახლა უკვე დაგვიანებულია. მაგრამ მომავალი სეზონისთვის აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ) 

- სიმპტომებზე რომ გადავიდეთ. როგორ მივხვდებით, რომ პატარას ყელი, ყური სტკივა...

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

- თუ ბავშვი არ არის იმ ასაკში, რომ შეძლოს მშობელს ვერბალურად აუხსნას საკუთარი პრობლემა, ასეთ დროს ყველაზე ხშირი სიმპტომი არის საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა და ხანდახან ტემპერატურის მატებაც. ყურის ტკივილს რაც შეეხება, პატარები არ ჭამენ, ხშირად ხელს იკიდებენ ყურზე, მოვლითი ხასიათის პერიოდული ტკივილის გამო მოულოდნელად წამოიტირებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის სპეციალისტთან მიყვანა, რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები. 

- რადგან ყურის ტკივილზე ვსაუბრობთ. მისი მოვლის წესებიც რომ გვითხრათ. რა სიხშირით უნდა გავუწმინდოთ ბავშვებს ყურები და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?

- ყურის ჩხირის დანიშნულება არის მხოლოდ და მხოლოდ ყურის ნიჟარის გასუფთავება. ჩხირი არ უნდა მოხვდეს გარე სასმენ მილში, რადგან ის აზიანებს იმ ბუსუსებს, რომლის საშუალებითაც ხდება გოგირდის ბუნებრივად გარეთ გამოტანა. შესაბამისად, გოგირდი გარეთ ვერ გამოვა და წარმოიშობა საცობი. ხშირად ამბობენ, რომ თუ ადამიანს ერთხელ დასჭირდა გოგირდის საცობის გამო ყურის გამორეცხვა, მერე მთელი ცხოვრება დასჭირდებაო. რაღაც დოზით მართალია, რადგან ზიანდება ბუსუსები და ყური გოგირდის საცობს ადვილად იკეთებს. ბავშვებს ყურები, პირის დაბანვის მსგავსად, ყოველ დილით უნდა გავუსუფთავოთ. 

- როგორ მივხვდეთ, ყურის გაწმენდისას პატარას აპკი დავუზიანეთ თუ არა?

- ყურის აპკის დაზიანების პირველი სიმპტომი არის ძლიერი ტკივილი და სისხლიანი გამონადენი. დანარჩენს კი უკვე დეტალურად სპეციალისტი ადგენს.

- ყელის ტკივილზეც რომ ვისაუბროთ. რომელ ბუნებრივ საშუალებებს გვირჩევდით ყელის ტკივილის სამკურნალოდ (დაშაქრული ხახვი), ყურის ტკივილის სამკურნალოდ (ალოეს წვენი, სპირტი)?

- ზოგადად, არსებობს მცენარეული საშუალებები, საკმაოდ მაღალი ხარისხის, რომელიც ინიშნება როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულად მიმდინარე პროცესების დროს და საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა. დაშაქრული ხახვის, ალოეს წვენის, გაცხელებული სპირტისა და მარილის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, თუ ყურის ანთებასთან გვაქვს საქმე. ბავშვებში ისედაც ძალიან სწრაფად ვრცელდება ინფექცია და ეს ყველაფერი კიდევ უფრო ართულებს საქმეს. სჯობს, აპრობირებული წვეთები გამოვიყენოთ, რომლებიც ტკივილს მარტივად აყუჩებს და კარგ შედეგსაც იძლევა.

- როდესაც ბავშვს ყელი სტკივა, ხშირად თბილ რძეს ასმევენ. რამდენად მართებულია ეს ხერხი და კიდევ თუ გვეტყვით ისეთ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც ყელის ტკივილისას არ არის სასურველი.

- რძე უკუჩვენებას არ წარმომადგენს. გამომდინარე იქედან, რომ თბილი სითხე უამებს ყელს, შეგიძლიათ მისცეთ თბილი რძე, ჩაი, კომპოტი, წვენი თუ წყალი. არ არის სასურველი სოდიანი სავლების გამოყენება, რადგან სოდა აშრობს ლორწოვანს და შეიძლება უფრო გაამძაფროს სიმპტომები. არ შეიძლება, ასევე, წყალბადის ზეჟანგი და ლიმონი, რომელიც ხალხში საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. 

- ხშირ შემთხვევაში სიცხეები გლანდებთან არის კავშირში. რა ასაკში შეიძლება გლანდების ოპერაციის გაკეთება?

- ყველა ქირურგიულ ჩარევას აქვს კონკრეტული ჩვენება. გარდატეხის ასაკამდე თუ ჩატარდება, რა თქმა უნდა, უკეთესია. ქვედაზღვარი მაინც სამი წელია, რადგან უფრო დაბალ ასაკში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან პატარები ვერ საუბრობენ გამართულად და სისხლდენის არსებობის შემთხვევაში შეიძლება, ვერ გაგვაგებინონ და მშობლებსაც გამოეპაროთ.

- ცხვირის წმენდის პროცედურაზეც რომ გვესაუბროთ, რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?

- გარემო პირობებიდან და ეკოლოგიიდან გამომდინარე, როგორც კბილების ხეხვაა თავის მოვლის პროცედურა, ასევე კარგი და მნიშვნელოვანია, თუ მშობლები საკუთარ შვილებს პატარაობიდანვე მიაჩვევენ ცხვირის გამორეცხვას, რადგან ამ პროცედურით ვირუსებს, ბაქტერიულ ინფექციებს, ქრონიკულ პროცესებსა და ალერგიულ რინიტს მეტ-ნაკლებად თავიდან ავიცილებთ. ცხვირის გამორეცხვით ცხვირის ლორწოვანიდან მექანიკურად გამოიდევნება დღის განმავლობაში დაგროვებული მტვერი, ბაქტერია და ვირუსები.

- მუდმივი სურდო რასთან შეიძლება იყოს კავშირში?

- მუდმივი სურდო შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვიოს. ზოგადად, სურდო 245 სახეობის შეიძლება იყოს. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული არის ხანგრძლივად ცხვირის გამხსნელი საშუალებების გამოყენებით გამოწვეული. ასევე არსებობს ალერგიული და ბაქტერიული სურდო. ამ ყველაფერს სჭირდება დიაგნოსტირება და კონკრეტული მკურნალობა, რათა მყარი და მდგრადი შედეგი მივიღოთ.

- და ბოლოს, მაცივრიდან გამოღებული მაწონი, ხაჭო, ხილი ... რეკომენდებულია თუ არა, რომ მაშინვე მივცეთ პატარას?

- მაცივრიდან გამოტანილი პროდუქტი 10-15 წუთით უნდა დავაყოვნოთ. ეს დრო საკმარისია, რომ მაცივრიდან გამოღებული საკვების ტემპერატურა თითქმის გაუთანაბრდეს ოთახის ტემპერატურას. განსაკუთრებით ზამთარში, სასურველია, რომ სანამ ბავშვს მაცივრიდან გამოტანილ საკვებს მივცემთ, დავაყოვნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი 
წაიკითხეთ სრულად