Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა...“ ეს არის წაგების წინაპირობა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თვითშეფასების ამაღლების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა ყველაფერი ბედს არ უნდა მიანდოს და გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება მისი არჩევანია:

„ვირჩევ სათაურს და იმ სათაურის ქვეშ ხდება ფაქტების შემოყრა. თუ ავირჩიე, რომ „ლუზერი“ ვარ, ყველა ის ფაქტი, რომელიც ამას ესადაგება, შემოვა ამ სათაურის ქვეშ. ეს გვიდასტურებს იმას, რომ „აი, ხომ ვამბობდი!“ ალბათ, ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა.“ ეს არის წაგების წინაპირობა. არავითარი ბედი! ეს არის ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაც ზოგჯერ.

მეორე მხარე არის ის, რომ უბრალოდ ფაქტებს ვაკვირდები და სათაურს ვარქმევ. როგორ ვაკვირდები ამ ფაქტებს და რა კანონზომიერებებს აღმოვაჩენ, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩარჩო რომ შევცვალოთ, ახალი სათაურები შევარჩიოთ მის ქვეშ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღირსება არ აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც კარგად არ გამოსვლია. მსგავსი ფაქტების შეგროვებით შესაძლებელია ჩარჩო შეიცვალოს ნებისმიერ თემაზე, რაზეც მას აქვს მწუხარება საკუთარ თავთან მიმართებაში.

ადამიანი არის პროცესი. მისი ცხოვრება პროცესია. ამ პროცესში მას შეუძლია დაანგრიოს, ააშენოს საკუთარი თავი, მიიღოს ახალი ვერსია. მას შეუძლია გენეტიკის შეცვლაც კი. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ფიქრი ცვლის დნმ-ს. ფსიქიკა განკარგავს ჩვენს ფიზიკას. დაავადებებიც კი არის ჩვენი აზროვნების წესის, ცხოვრების წესის პროდუქტი და შედეგი,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

წაიკითხეთ სრულად