Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ერთი წუთი ამ ვიდეოს ყურებას დაუთმეთ,“ - ანჯელინა ჯოლი უკრაინელი დედის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს

„თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ერთი წუთი ამ ვიდეოს ყურებას დაუთმეთ,“ - ანჯელინა ჯოლი უკრაინელი დედის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს

ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ყველას მოუწოდებს უკრაინელი დედის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლის ყურებას ერთი წუთი დაუთმონ:

„თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ერთი წუთი ამ ვიდეოს ყურებას დაუთმეთ, რომელიც Unicef-მა გამიზიარა უკრაინელი დედის მარინას შესახებ. დაბომბვისა და თავდასხმის შიშის ფონზე ის თავისი შვილების უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

ეს არის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული და ხაფანგში გაბმული მშვიდობიანი მოქალაქეების რეალობა. მათ შორის არის დაახლოებით 7,5 მილიონი უკრაინელი ბავშვი, მათი ოჯახები, მშობლები, ლტოლვილები ავღანეთიდან, იემენიდან, სირიიდან. ისინი გაიქცნენ უკრაინაში და ახლა იქიდანაც ასახლებენ. იქ იმყოფებიან ასევე სტუდენტები ინდოეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან.

უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას დაუყოვნებლივ ესაჭიროება დახმარებისა და მარაგების მიწოდების უზრუნველყოფა. UNICEF და UNHCR, ასევე პარტნიორები ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, დაეხმარონ იქ, სადაც ეს შესაძლებელია,“ - წერს ანჯელინა ჯოლი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად