Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამართლიანობა არასდროს არ მარცხდება, ეს დროებითია! სიბრძნე ყოველთვის იმარჯვებს,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„სამართლიანობა არასდროს არ მარცხდება, ეს დროებითია! სიბრძნე ყოველთვის იმარჯვებს,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ომის სისასტიკისა და უსამართლობის შესახებ ისაუბრა და ყველა ბავშვს, ვისაც ომი არასდროს უნახავს, უსურვა, რომ ის არასდროს იხილონ:

„დაე, ასე იყოს, რომ ბავშვებს, რომლებმაც ჯერ არ იციან რა არის ომი, მხოლოდ თეორიულ დონეზე ჰქონდეთ წარმოდგენა ამ უსასტიკეს მოვლენაზე. დაე, მათ მხოლოდ ფილმების სახით, მხოლოდ თეორიულ დონეზე ჰქონდეთ წარმოდგენა ამ უსასტიკეს ფენომენზე სამყაროში. უდიდესი ფსიქოლოგი ვიქტორ ფრანკლი გერმანიაში დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. მას აქვს ასეთი ფრაზა ნათქვამი: „ამ ომის მთელი საშინელება ის არის, რომ საკონცენტრაციო ბანაკში მყოფ ადამიანებს საკუთარი სიკვდილით სიკვდილი არ უწერიათ.“ საკუთარი სიკვდილით სიკვდილი არის კანონზომიერი მოვლენა. როდესაც მავანის და მავანის ინტერესებთან არის დაკავშირებული და ის წყვეტს ჩემს სიცოცხლეს, ეს არის ტრაგედია.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ომი მთელი თავისი სისასტიკით ჩვენ წინაშე დგას:

„უსამართლო ომის ღმერთი არესი თავისი სისასტიკით, ფაქტია, რომ არის, ფაქტია, რომ ჩვენ წინ დგას. ადამიანები, რომლებიც სიბრძნით ებრძვიან უსამართლობას, ყოველთვის იმარჯვებენ. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია,“ - ეს არ არის ლიტონი სიტყვები. თუნდაც რაღაც ეტაპზე სამართლიანობა შეფერხდეს, ის არასდროს არ მარცხდება. ეს დროებითია. აქ ყოველთვის სიბრძნეა პრიორიტეტული. სიბრძნე ყოველთვის იმარჯვებს. ეს არ არის მხოლოდ ემოციის საგანი. ეს არის გულისა და გონის საგანი.“

„ადამიანთა სიმრავლე მხოლოდ მაშინ შეძლებს მტრის პირისპირ ღირსეულ დგომას, თუ ის ერთ ერად იქნება იმ დროს წარმოდგენილი. რა არის ერი? ერი ეს არის ადამიანთა ის ერთიანობა, მთლიანობა, თუნდაც მყისიერად შექმნილი ისტორიული ბედისწერის წინაშე. დღეს უკრაინელი ხალხი არის ერი. ჩვენ ამის მაგალითი გვაჩვენა უკრაინელმა ხალხმა,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად