Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„წიპწის ზეთი ბავშვებში საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევების პროფილაქტიკაში დაგვეხმარება,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„წიპწის ზეთი ბავშვებში  საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევების პროფილაქტიკაში დაგვეხმარება,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ წიპწის ზეთის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:

„ქართული პოპულაციისთვის ყველაზე კეთილშობილური სითხე არის ღვინო. ქართულ ღვინოს აქვს თავისი სამკურნალო თვისებები. ის უნდა იყოს მცირე რაოდენობით მიღებული. დღის განმავლობაში დაახლოებით 250-დან 300 მილილიტრამდე. მას გააჩნია, როგორც კარდიოპროტექტორული, ასევე ჰეპატოპროტექტორული აქტივობა. ღვინის ანტიოქსიდანტურ აქტივობას, კარდიოპროტექტორულ აქტივობას განაპირობებს წიპწაში შემავალი მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, როგორიც არის: E ვიტამინი, P ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები. მათ აქვთ ცუდი ქოლესტერინის საწინააღმდეგო ეფექტი.

ისმის კითხვა, რა კავშირშია ეს ბავშვებთან მიმართებაში? ღვინო 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საერთოდ არ არის დაშვებული. მინდა, გესაუბროთ წიპწის ზეთზე. ბავშვებში შეგვიძლია გამოვიყენოთ წიპწის ზეთი. მისასალმებელია, რომ საქართველოში დაიწყეს ცივი წნეხით გამოწურული წიპწის ზეთის დამზადება და მასში ბუნებრივი ნივთიერებები შენარჩუნებულია. მას გააჩნია ის ეპიგენეტიკური მოქმედება, რომელიც ზრდასრულ ასაკში თავიდან აგვაცილებს იშემიურ დაავადებებს, თავის ტვინის დეგენერაციულ დაავადებებს, აქვს კარდიოპროტექტორული მოქმედება, ჰეპატოპროტექტორული აქტივობა. წიპწის ზეთი ბავშვებში დაგვეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევების, კერძოდ ყაბზობის პროფილაქტიკაში.

ჩვენ სოციალური პრობლემები გვაქვს. წიპწის ზეთი ძვირია. ეს ზეთი არ უნდა წამოვადუღოთ, შესაწვავად არ უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ბოსტნეულს ჭამს ბავშვი, 4-5 მილილიტრამდე კვირაში 2-3-ჯერ შევთავაზოთ ბავშვს. ერთი ქილა მას ეყოფა 3-4 თვის განმავლობაში. სხვა ზეთები ჩვეულებრივად გამოვიყენოთ. ეს უნიკალური ზეთი კი კვირაში 3-4-ჯერ მივცეთ ბავშვს,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ Saperavi TV-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Saperavi TV 

წაიკითხეთ სრულად