Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„20 კვადრატულ ოთახში რომ ერთდროულად ზის 20 ბავშვი, ეს, რა თქმა უნდა, არის ინფექციის განვითარების მაღალი რისკი,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„20 კვადრატულ ოთახში რომ ერთდროულად ზის 20 ბავშვი, ეს, რა თქმა უნდა, არის ინფექციის განვითარების მაღალი რისკი,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საბავშვო ბაღებში რეგულაციების დაცვის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსების აქტიურად გავრცელება სწორედ წესების დაუცველობის გამო ხდება:

„ჩვენ როდესაც ბაღში დავდიოდით, იქ იყო სხვა რეგულაციები. ერთ ბავშვს უნდა ჰქონოდა 5-6 კვადრატული გამოყოფილი. განსაკუთრებით ეს ეხება კერძო ბაღებს. აბა, შედით ახლა თქვენ რომელიმე კერძო ბაღში. 20 კვადრატულ ოთახში რომ ერთდროულად ზის 20 ბავშვი ან 10 ბავშვი, ეს, რა თქმა უნდა, არის ინფექციის განვითარების მაღალი რისკი. ეს ინფექცია განვითარდება წლის განმავლობაში 5-6 ან 10-ჯერ. ადრე მე მშობლებს ვაძლევდი რეკომენდაციებს, რომ არ წაეყვანათ ბავშვები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სჯობს, ბავშვები ადრეული ასაკიდანვე შევიყვანოთ ბაღებში.

მინდა, რომ ბაღები იყოს სწორად დაპროექტებული. სახელმწიფო ბაღებში მეტ-ნაკლებად მოგვარებულია ეს პრობლემა. იქ თვეში ერთხელ მაინც შევა ვიღაც და კონტროლდება მეტ-ნაკლებად. კერძო ბაღებში არ არის ეს რეგულაციები. დღის განმავლობაში ბავშვები უნდა გავასეირნოთ, გავანიავოთ ოთახები. პანდემიის დროს ერთ გაკვეთილზე ორჯერაც შეიძლება განიავება. ისე არ უნდა გავანიავოთ, რომ ბავშვებიც ოთახში იყვნენ. როდესაც ბაღი სველი წესით ლაგდება, ერთი და იმავე ნივთიერების შემცველი ხსნარი ხუთ ოთახში არ უნდა მოუსვა. 80% შემთხვევაში იგივე ხდება ყველა სკოლაშიც. თუ ამ რეგულაციებს დავიცავთ, რა თქმა უნდა, ბავშვი დაინფიცირდება ვირუსული ინფექციებით და არა ბაქტერიული ინფექციებით. ევროპაშიც ხდებიან ბავშვები 10-ჯერ ავად, მაგრამ იქ მშობელმა იცის, რომ ბავშვს დიზენტერია და სალმონელა არ დაემართება. იქ იმდენად სწორად არის დამუშავებული შემხები ზედაპირები, აცრები სწორად აქვთ ბავშვებს ჩატარებული და მძიმე ინფექციები იქ ბავშვებს არ ემართებათ. ჩვენთან არ არის ეს რეალობა,“ - მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად