Baby Bag

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ახალშობილი ბავშვის დაბანის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ჩვილი ყოველდღიურად უნდა დაბანონ. ინგა მამუჩიშვილმა დღის ის მონაკვეთიც დაასახელა, როდესაც ბავშვის ბანაობა ყველაზე მეტად არის მიზანშეწონილი:

„ბავშვი უნდა დაბანონ ყოველდღიურად. მშობლები ხშირად ამბობენ, ზამთარი მოახლოვდა და ხომ არ შეიძლება კვირაში ორჯერ დავბანოთ. არ გაცივდეს ბავშვი. არავითარ შემთხვევაში! ახალშობილი ბავშვი უნდა ვაბანაოთ ყოველდღე, იმიტომ, რომ ბავშვი სუნთქავს არამხოლოდ სასუნთქი სისტემის მეშვეობით, არამედ კანითაც. აქედან გამომდინარე კანის ფორები უნდა იყოს სუფთა, რომ კანის ზედაპირზე მოხდეს სითხის ნორმალურად აორთქლება. აუცილებელი არ არის ბავშვი ყოველდღიურად დაიბანოს საპნით. ის უნდა დაიბანოს წყლით ყოველდღიურად.

იქ, სადაც ბავშვს ვბანთ, ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი. არ არის ოთახის გადახურება საჭირო. წყლის ტემპერატურა 36 გრადუსი უნდა იყოს. ქუდი ბავშვს შესაძლოა დავაფაროთ დაბანიდან 1 საათის განმავლობაში. მშობლები ხშირად მეკითხებიან: დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? უნდა დავაკვირდეთ უსათუოდ. დაბანის სიამოვნების შემდეგ ბავშვი ზოგჯერ ხანგრძლივად იძინებს. როდესაც ბავშვი ხანგრძლივად იძინებს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ღამის საათებში მან მშობელი არ შეაწუხოს, სჯობს, ღამის საათებში დავბანოთ და დავაძინოთ,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვთან 72 საათის შემდეგ კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„თუ ბავშვთან 72 საათის შემდეგ კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ომიკრონის დროს ბავშვებში ცხელების მართვის შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ომიკრონის შემთხვევაში არის ხოლმე ასე, რომ მშობლები ბავშვს მისცემენ სიცხის დამწევს და ტემპერატურა, იმის ნაცვლად, რომ დაიწიოს, მაღლა მიდის. როდესაც ტემპერატურა მიდის მაღლა, სანამ ის პიკს მიაღწევს, ბავშვისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვების სპაზმი და კანკალი. ზოგჯერ არის ხოლმე, თითქოს ბატუტზე ხტუნაობს ბავშვი, ისეთი ძლიერი შემცივნებაა. როდესაც ტემპერატურა პიკს მიაღწევს, ბავშვი ცხელდება, ხურდება. ამ დროს ბავშვი აუცილებლად უნდა გავაგრილოთ. როდესაც კანკალია, შეიძლება ბავშვი ჩავათბუნოთ.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს, შესაძლოა, ბავშვს სიცხის დამწევი საშუალების გაორმაგებული დოზა მივცეთ:

„ავტორთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ბავშვს ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს, შესაძლოა, მივცეთ სიცხის დამწევი საშუალების გაორმაგებული დოზა. შეიძლება ამ დროს თავის ტვინში ჰიპოქსიური პროცესების განვითარება მოხდეს. ​თუ სიცხის დამწევი მივეცით, მაგრამ ტემპერატურა კვლავ მაღლა მიდის, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ხალხური მეთოდები. ბავშვი გავაშიშვლოთ, დავზილოთ ოთახის ტემპერატურის თბილი წყლით და არა ცივი წყლით! ბავშვს უნდა დავუზილოთ კიდურები, მაგისტრალური სისხლძარღვების ადგილები. ზოგიერთს ამ ხალხურ მეთოდებზე ეცინება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამართლებს ეს მეთოდები. ათქვეფილი კვერცხის გული წასმული ხელისგულებსა და ფეხისგულებზე მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება ერბოკვერცხივით შეიწვას და ამ დროს ტემპერატურა მოდის დაბლა. სითხეებით, გრილი ჩაებით, რძით, კომპოტებით დავტვირთოთ ბავშვი. ბავშვმა შეიძლება არ დალიოს სითხე, მაგრამ ყლუპებით მაინც უნდა შევთავაზოთ.“

„ვინაიდან დღეს საქმე გვაქვს ომიკრონთან და შტამთან, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად შეუსწავლელია, სასურველია მაღალი ტემპერატურის პირველივე დღეს ბავშვის პირადი ექიმი ჩავაყენოთ საქმის კურსში, დავურეკოთ, ვესაუბროთ. თუ ბავშვთან 72 საათის შემდეგ კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, თუნდაც ჰემოგრამა, რათა შევისწავლოთ ბავშვის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ომიკრონი ახალი შტამია და ჩვენ არ ვიცით ის როგორ განვითარდება, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი მაინც გავაკეთოთ ბავშვებში,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად