Baby Bag

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ახალშობილი ბავშვის დაბანის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ჩვილი ყოველდღიურად უნდა დაბანონ. ინგა მამუჩიშვილმა დღის ის მონაკვეთიც დაასახელა, როდესაც ბავშვის ბანაობა ყველაზე მეტად არის მიზანშეწონილი:

„ბავშვი უნდა დაბანონ ყოველდღიურად. მშობლები ხშირად ამბობენ, ზამთარი მოახლოვდა და ხომ არ შეიძლება კვირაში ორჯერ დავბანოთ. არ გაცივდეს ბავშვი. არავითარ შემთხვევაში! ახალშობილი ბავშვი უნდა ვაბანაოთ ყოველდღე, იმიტომ, რომ ბავშვი სუნთქავს არამხოლოდ სასუნთქი სისტემის მეშვეობით, არამედ კანითაც. აქედან გამომდინარე კანის ფორები უნდა იყოს სუფთა, რომ კანის ზედაპირზე მოხდეს სითხის ნორმალურად აორთქლება. აუცილებელი არ არის ბავშვი ყოველდღიურად დაიბანოს საპნით. ის უნდა დაიბანოს წყლით ყოველდღიურად.

იქ, სადაც ბავშვს ვბანთ, ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი. არ არის ოთახის გადახურება საჭირო. წყლის ტემპერატურა 36 გრადუსი უნდა იყოს. ქუდი ბავშვს შესაძლოა დავაფაროთ დაბანიდან 1 საათის განმავლობაში. მშობლები ხშირად მეკითხებიან: დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? უნდა დავაკვირდეთ უსათუოდ. დაბანის სიამოვნების შემდეგ ბავშვი ზოგჯერ ხანგრძლივად იძინებს. როდესაც ბავშვი ხანგრძლივად იძინებს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ღამის საათებში მან მშობელი არ შეაწუხოს, სჯობს, ღამის საათებში დავბანოთ და დავაძინოთ,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ისე არ დაამთავრო დღე, რომ რამდენიმე წუთი მეუღლესთან შეხება არ გქონდეს საუბრის სახით,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ისე არ დაამთავრო დღე, რომ რამდენიმე წუთი მეუღლესთან შეხება არ გქონდეს საუბრის სახით,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის დეფიციტის პრობლემაზე ისაუბრა და ყველას მოუწოდა, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმონ:

„ალბათ, რამდენიმე ადამიანი იქნება ისეთი ოჯახი რომ ერთად იკრიბება, ერთად სადილობენ და ვახშმობენ. შეიძლება აღარც არიან ისეთი ოჯახები დღეში ერთხელ მაინც ერთად რომ იკრიბებიან. ყველა ცალ-ცალკეა დღეს. შეიძლება მეგობართან უფრო მეტი დრო გაატაროს ადამიანმა, ვიდრე ოჯახის წევრებთან. შეიძლება დას ან ძმას არ მოუსმინოს და მეგობრის ტკივილი მოისმინოს. მახსოვს, ბავშვობაში მეც ასე ვიქცეოდი ხოლმე. დედაჩემს ყველაზე მეტად აინტერესებდა ჩემი ამბავი და მეგობრებს უფრო ვუყვებოდი. დედაჩემს რაღაც ისე ვეტყოდი ამას, არ ვეტყოდი ყველაფერს. არადა იმ ჩემს მეგობარს საერთოდ არ აინტერესებდა რა გავაკეთე.“

„ეს ძალიან ყოფს ოჯახს, როდესაც ოჯახის წევრები ერთმანეთთან არ არიან, ცალ-ცალკე არიან. მოახერხეთ, რომ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ ქალაქგარეთ გახვიდეთ ერთად. ​დიალოგი და საუბარი ოჯახს ძალიან უწყობს ხელს, განსაკუთრებით ცოლ-ქმარს შორის. გამონახეთ დღეში რამდენიმე წუთი ერთმანეთისთვის. ყოველდღიური ურთიერთობა გქონდეს შენს მეუღლესთან. ისე არ დაამთავრო დღე, რომ რამდენიმე წუთი მეუღლესთან შეხება არ გქონდეს საუბრის სახით. ეს ძალიან დეფიციტია დღეს. ევროპიდან რაღაცების გადმოღება რომ გვინდა, ასეთი რაღაცები გადმოვიღოთ. ევროპაში შაბათ-კვირას ყველა ოჯახი გადის, ერთად ვახშმობენ. ადრე კვირა დღე ოჯახში თავიდან ბოლომდე ერთმანეთისთვის ჰქონდათ მიძღვნილი,“ - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

წყარო:​ davitianni georgia

წაიკითხეთ სრულად