Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიყვარული პირობაა ქორწინებისთვის, მაგრამ ის არ არის საკმარისი,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„სიყვარული პირობაა ქორწინებისთვის, მაგრამ ის არ არის საკმარისი,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიყვარული კონსტრუქციული გრძნობაა, რომელიც შენებაზეა აწყობილი:

„სიყვარული თავისი ბუნებით კონსტრუქციული გრძნობაა. ბუნებაში ასეა ჩადებული, რომ სიყვარულის მერე მესამე ადამიანი ჩნდება. ის შენებაზეა აწყობილი. ხშირად მიდის დავა, ​როდესაც ლტოლვა აღარ არის, მერე სიყვარული არის თუ არა? პასუხი დასანახად ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ ხანშიშესული ადამიანები, ცოლი და ქმარი. მათ ერთმანეთი არ უყვართ?! მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. სექსუალურად მიმზიდველი შეიძლება არცერთი არ არის, ფორმები შეცვლილი აქვთ, ერთს თმები აქვს დაცვენილი, მაგრამ მართლა უყვართ ერთმანეთი. მაშინ ამას რა დავარქვათ?!“

ზურა მხეიძის თქმით, გრძნობა სიყვარულია თუ არა, ამის დადგენა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეგვიძლია:

„ემოცია ბიოქიმიის გარეშე ვერ აღიძვრება. ზოგს ენდორფინი გამოეყოფა კლუბში, რადგან ხმაური უყვარს, ზოგს სიმშვიდე უყვარს. თუ ინტელექტუალურ პროცესს ჩართავ, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გიყვარს ადამიანი, ნამდვილად გექნება. სიყვარული სტაბილურია. ​ყველაფერს დრო აყენებს თავის ადგილზე. მე 19 წლის რომ ვიყავი, მეუბნებოდნენ: „არ იჩქარო, ერთი წელი მოიცადე.“ ვფიქრობდი: „რად უნდა ამას ერთი წელი?!“ რეალურად უნდა, იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში რაღაც ემოციები იკლებს, სიტუაციას უფრო კარგად ხედავ.“

„სიყვარული პირობაა ქორწინებისთვის, მაგრამ ის არ არის საკმარისი. ​ეს გადაწყვეტილება უკვე პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა. უნდა დაუშვათ, რომ თქვენი მეორე ნახევარი შეიძლება გასუქდეს, ხვრინვა დაიწყოს. შენ უნდა წარმოიდგინო მასთან თანაცხოვრების მთელი პერიოდი. ზუსტად ეს ეშლებათ, რომ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ერთმანეთზე ფიქრის გარდა ყველაფერზე ფიქრობენ, რემონტზე, ბავშვზე და ა.შ. იქმნება იმის დეფიციტი, რაც იყო წინათ. ყველა ფილმი ქორწინებით მთავრდება, იმიტომ, რომ შემდეგ არ არის საინტერესო,“- აღნიშნული საკითხის შესახებ ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“

წაიკითხეთ სრულად