Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვების 30 პროცენტი იძულებით ასრულებს საშინაო დავალებას,“ - არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი

„ბავშვების 30 პროცენტი იძულებით ასრულებს საშინაო დავალებას,“ - არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი  მეგი კავთუაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მეგი კავთუაშვილმა ბავშვების საშინაო დავალებებით მეტისმეტად დატვირთვის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვების 30% საშინაო დავალებას იძულებით ასრულებს:

„ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ​კერძო სკოლებში უფრო მეტი, მაგრამ უფრო მრავალფეროვანი დავალებები აქვთ ბავშვებს საჯარო სკოლებთან შედარებით. ბავშვების 30% იძულებით ასრულებს საშინაო დავალებას. გამოკითხული მშობლების 13% ამბობს, რომ ძილის დარღვევები აქვს ბავშვს. იმდენად ბევრი საშინაო დავალებაა, რომ ბევრი დრო მიაქვს მისგან. თავისუფალი დრო არ რჩება ძალიან ბევრ ბავშვს. ბავშვებს ყოველდღიურად შესასრულებელი აქვთ დავალება ორ, სამ, ოთხ და მეტ საგანში, რასაც ორი, სამი და მეტი საათი სჭირდება.“

მეგი კავთუაშვილის თქმით, ცოდნის ათვისება ბავშვის ნერვიულობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს:

„არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ჩვენ წარმოვადგენდეთ მშობლების ჯგუფს, რომლებიც უარს ამბობენ საშინაო დავალებაზე. ​ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის საშინაო დავალების არსი. ცოდნის დამაგრება არ უნდა მოხდეს იძულებით და ბავშვის ნერვიულობის ხარჯზე.“

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებელს საშინაო დავალების შემოწმების დრო არ აქვს, რაც ასევე მოტივაციის დაქვეითებას იწვევს. მეორე ცვლაში ნაკლები თავისუფალი დრო რჩებათ ბავშვებს და რთულია დღის რეჟიმის აწყობა,“- აღნიშნულ საკითხზე მეგი კავთუაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად