Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ახალი დაავადების საწინააღმდეგოდ იქმნება ახალი ვაქცინა, ამას ბუნებრივია ახლავს შეკითხვა,“- ინფექციონისტი ფატი გაბუნია

„როდესაც ახალი დაავადების საწინააღმდეგოდ იქმნება ახალი ვაქცინა,  ამას ბუნებრივია ახლავს შეკითხვა,“- ინფექციონისტი ფატი გაბუნია

ინფექციონისტმა ფატი გაბუნიამ კოვიდ-19-ის ვაქცინების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული უნდობლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ვაქცინებისადმი მსგავსი დამოკიდებულება ბუნებრივია:

„ის, რაც არის ძალიან ახალი, რასაც არ აქვს თუნდაც 10-20 წლიანი გამოცდილება, ​როდესაც არის ახალი დაავადება და ამ ახალი დაავადების საწინააღმდეგოდ იქმნება ახალი ვაქცინა, ამას ბუნებრივია, ახლავს შეკითხვა. შიში, ალბათ, მაინც ეფუძნება ინფორმაციის ნაკლებობას ან გაუკუღმართებულ და სახეშეცვლილ ინფორმაციას, რომელსაც რეალურად არ აქვს არანაირი საფუძველი.“

ფატი გაბუნიას თქმით, ორსულისთვის ყველა ვირუსი საშიში არ არის:

„ფორმულირება, რომ ყველა ვირუსი საშიშია მაინდამაინც სწორი არ არის. არსებობს ერთადერთი ვირუსული ინფექცია - წითურა, რომელიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნამდვილად საშიშია, იმიტომ, რომ ის გადალახავს საშვილოსნოსა და ნაყოფს შორის ბარიერს, ჩაერთვება ორგანოგენეზში და იწვევს ნაყოფის სიმახინჯეს. რაც შეეხება დანარჩენ ვირუსებს და მათ შორის კოვიდ-19-ის ვირუსსაც, ამ ვირუსს შეუძლია დააზარალოს ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დედა არის ავად. დედის მძიმე მდგომარეობის გამო, შესაძლოა, მოხდეს თვითნებური აბორტი.“

„ჩვენი ორგანიზმი, რომელიც ძალიან ჭკვიანია, ორსულობას განიხილავს, როგორც გარკვეულ იმუნოსუპრესიულ მდგომარეობას.​ სწორედ ამას ეფუძნება მექანიზმი, რომ ორსულებში ბევრად უფრო აგრესიულია დაავადება, ვიდრე არაორსულებში. შესაბამისად ამიტომ ზარალდება ნაყოფი დედის მძიმე მდგომარეობაში. კორონავირუსი არ არის ასოცირებული ნაყოფის სიმახინჯესთან, გარკვეულ ცვლილებებთან ნაყოფის ფორმირების პროცესში,“ - აღნიშნულ საკითხზე ფატი გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.

წყარო:​ „ჩვენი ოჯახი“

წაიკითხეთ სრულად