Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდ-19-ით ინფიცირების ყოველი მესამე შემთხვევა ბავშვებზე მოდის,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„კოვიდ-19-ით ინფიცირების ყოველი მესამე შემთხვევა ბავშვებზე მოდის,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებში ვირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვნად მოიმატა:

„იქიდან გამომდინარე, რომ არანაირ რეგულაციას ჩვენი მოსახლეობა არ იცავდა, შესაბამისად ტალღები გადაება. ერთადერთი, ​რასაც ვაკვირდები, არის ის, რომ ბავშვთა პოპულაციაში საკმაოდ მოიმატა გავრცელებამ. თუ თავიდან ბავშვებში გავრცელება 10%-მდე იყო, ახლა 30%-მდეა ასული. ინფიცირების ყოველი მესამე შემთხვევა ბავშვებზე მოდის.“

თემურ მიქელაძის თქმით, კორონავირუსი ბავშვების უმრავლესობას მარტივად გადააქვს:

„საბედნიეროდ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ბავშვებში ნებისმიერი შტამის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. საქართველოში დაიწყო 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ვაქცინაცია განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის პაციენტებისთვის. ​მე პირადად რამდენიმე ათეული ასეთი ბავშვი ავცერი. თუ სხვა შემთხვევაში კოვიდი მსუბუქად მიმდინარეობს, ამ კონკრეტულ ბავშვებთან, შესაძლოა, ის ფატალურად დასრულებულიყო. გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო 5-დან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია.“

„ტესტირების რიგში დგას აურაცხელი რაოდენობის ადამიანი, მაშინ როდესაც ვაქცინაციის კაბინეტთან თითო-ოროლა ადამიანი თუ არის. მაღალგანვითარებად ქვეყნებში აბსოლუტურად პირიქით არის. ვაქცინაციის ცენტრებთან არის რიგები და ტესტირებაზე არავინ არ დგას. ჩვენთან გვაქვს სულ სხვა რეალობა. ჩვენი მოსახლეობა არანაირ რეგულაციას არ იცავს,“- აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „რადიო იმედი“

წაიკითხეთ სრულად