Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხმის აწევაზე გული უსკდება ბავშვს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მას გავუკეთოთ,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ხმის აწევაზე გული უსკდება ბავშვს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მას გავუკეთოთ,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის აღზრდისას სიმკაცრისა და თანმიმდევრულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია ბავშვთან გულწრფელები ვიყოთ:

​მე პირადად ვთვლი, რომ ბავშვთან ურთიერთობაში აუცილებელია სიმკაცრე, თანმიმდევრულობა და სიმართლე. ბავშვთან უნდა იყო გულწრფელი და მართალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ სიმაღლეზე დააყენო ბავშვი, ან შენ დაჯდე ძირს და თვალი თვალში გაუყარო. არაფერი არ უჭირს, თუ ბავშვს ხელს მოჰკიდებ და ცოტას მოუჭერ ან შეაჯანჯღარებ, როდესაც მას არაფერი არ ესმის, ძალა რომ დაინახოს. ეს არ უნდა იყოს გადამეტებული, რომ ბავშვს არ შეეშინდეს.“

მარია კაჭარავამ აღნიშნა, რომ ბავშვს ძალიან აშინებს ხმის აწევა და ყვირილი:

„ხმის აწევაზე გული უსკდება ბავშვს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენზე სამჯერ მაღალი ადამიანი დგას და გიყვირით, გაჯანჯღარებთ, მუშტებს გიქნევთ. ბავშვიც ისეა ამ დროს, როგორც თქვენ იქნებით. ​ყვირილი არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ბავშვს გავუკეთოთ.“

​ქცევას რა აფიქსირებს? რასაკვირველია სიმკაცრე საჭიროა. ბავშვმა რომ ის აკეთოს, რაც უნდა, ის ცხოველი გაიზრდება. ყოველთვის იფიქრეთ, თქვენ როგორ გინდათ, რომ მოგექცნენ? როდესაც მე რამე მეშლება, არ მინდა, რომ ვინმემ მომჩეჩოს. მირჩევნია, რომ ადამიანურად დამელაპარაკონ და მზად ვარ, რომ ბოდიში მოვიხადო. რა აზრი აქვს ისეთ ბოდიშს, რომელსაც ბავშვი კანფეტის მისაღებად მოიხდის? მას ამით ასწავლით სიტუაციის გამოყენებას,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად